"ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე უმტკიცებენ ღმერთს, რომ არ უნდა დაბადებულიყვნენ" - გია მურღულია 12 წლის გოგოს გარდაცვალებაზე
ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია სოციალურ ქსელში 12 წლის გოგოს გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ ამის ჩამდენი ადამიანები არ უნდა დაბადებულიყვნენ.
"ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე უმტკიცებენ ღმერთს, რომ არ უნდა დაბადებულიყვნენ.
ჩვეულებრივ, ასეთ განმარტებებს არ ვაკეთებ, მაგრამ რაკიღა აქ ზოგიერთებმა ვერ გაიგეს ამ პოსტის კონტექსტი, ვიტყვი: მისი დაწერა განაპირობა იმ საშინელმა დანაშაულმა, რომლის შესახებაც ჩვენ ყველამ შევიტყვეთ - 12 წლის გოგონას ძალადობრივმა გარდაცვალებამ. რა თქმა უნდა, ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო და არის. უკაცრავად, თუ პოსტმა ზედმეტად ემოციური შთაბეჭდილება დატოვა. და ერთიც: არა მგონია, ვინმეს ღირსებას მატებდეს ის ღვარძლიანი და აგრესიული ფრაზები, რომლებითაც ზოგიერთებმა ავტორი შეამკეს - არ ვარგა, როდესაც საკუთარ ინტერპრეტაციათა ტყვეობაში მყოფი ვინმეს დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებ. თუმცა დღეს ეს საქართველოში, სამწუხაროდ, აღარავის უკვირს. ჰუმანიზმსა და კეთილშობილებაზე მაინცდამაინც ის არ უნდა საუბრობდეს, ვინც საჯაროდ ძალადობს მისგანვე არასწორად აღქმულ და გაგებულ აზრზე. ასეთ პერსონებს, რა თქმა უნდა, არ ვუპასუხებ - ეს დროისა და ფიქრის ფუჭი ხარჯვა იქნება“, - წერს გია მურღულია.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.
რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, ასფიქსიამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.