ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება გაუწია, სამედიცინო სფეროდან წავიდა
უმცროსი ექიმი,ბექა ლიპარტელიანი, რომელმაც ახალციხელ ექთანს, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ პირველადი დახმარება გაუწია, ჯერ კლინიკა „იმედიდან“ შემდეგ კი სამედიცინო სფეროდან წავიდა. ინფორმაციას „მეცხრე არხს“ ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური უდასტურებს.
აფციაურის თქმით, მეგი ბაქრაძის ტრაგიკულმა შემთხვევამ, ბექა ლიპარტელიანზე მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა.
„ბექა საკმაოდ გამოცდილი ექიმია. ბევრ ექიმს ჯობნის კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაში. რომ ვენდობოდი იმიტომ ვთხოვე, რომ ამ “კოვიდობის” დროს ჩამოსულიყო და გვერდზე დამდგომოდა.
გული მწყდება, იმ დროს იქ რომ ვყოფილიყავი, ბექა აცდებოდა ამ ყველაფერს. იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და განიცადა ეს ყველაფერი, რომ მედიცინას საერთოდ შეეშვა. თუმცა ასეთი კადრის დაკარგვა მედიცინისთვის ძალიან მძიმეა და არ შეიძლება. ბექა სამწუხაროდ, დღესდღეობით მედიცინაში აღარ არის,“ – ამბობს გიორგი აფციაური.