"ჩემმა ბიჭმა ყოველი დღისთვის ფილმი დამიტოვა…" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკო კვარაცხელიას დედა?
პლატფორმა "ფიდსის" დამფუძნებლის, თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე შვილის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ჩემი ცხოვრების უსიერ ტყიდან
დღემდე მოისმის გალობა ჩიტის
და რაც სიხარულს ან სევდას მგვრიდა,
კვლავ მახსოვს, როგორც დამწვარი თითი.
კვლავ სიამაყით ვითვლი იარებს,
კვლავ ჯილდოებად ვთვლი, როგორც ვთვლიდი
ოღონდ არ ვიცი – გამოვიარე,
თუ მეც ჩამიწყდა ის ბეწვის ხიდი.”
ოთარ ჭილაძე
20 მარტს დიდი ასოთი — ადამიანს მწერალს, პროზაიკოსს, დრამატურგს ოთარ ჭილაძეს 90 წელი შეუსრულდება.
ცა მიწიდან იწყებაო, მე კი ვიტყვი, რომ მიწის წიაღიდან, იქით უფრო ღირსეულნი გვეგულებით.
ჩემმა ტრაგედიამ თითეულ თქვენს სიტყვაში მაპოვნინა შვება და იმედი, თქვენმა ნაფიქრალმა, ათასჯერ კიდევ დამაფიქრა, იმ გაუტანლობაზე, შურზე, ბოროტებაზე, რომელსაც ბოლო მაინც კეთილი აქვს. მახსოვს ნიკოს დაბადების დღეზე, რომელსაც პირველად მის გარეშე შევხვდი, თქვენსს ლექსს პირველი სტროფი ჩამოვაშორე და მერე ვეღარ გავმართე. დღეს მთლიანად დავწერ რადგან უდავოდ მხოლოდ ღვთის სასწაულის ანაბარა დავრჩით ქართველი ხალხი.
ეს ის ჟამია, როდესაც ხვდები,
რომ მიტევებაც არის სასჯელი!
ტანჯვაც შვებაა და ღმერთის ნებით,
განვლილი ბევრად სჭარბობს დარჩენილს!
ეს ის ჟამია, როდესაც გინდა
დაჯდე, დაწერო ბოლო წერილი,
თუმცა სასწაულს კვლავ ელი ციდან
და განვლილს ბევრად სჯობს დარჩენილი!
დიახ ბატონო ოთარ, ცა მიწის წიაღიდან იწყება, რადგან იქ ღირსეული ადამიანები გვყავხართ, ჩვენ კი დედამიწაზე უდავოდ ბეწვის ხიდს გავდივართ, არც კი ვიცით, ვის სად ჩაგვიწყდება, მხოლოდ ღვთის იმედად ვართ დარჩენილნი.
ვიდეო 2021 წლის შობა დღესაა გადაღებული, მიყვარს წალენჯიხა ორიგინალურობებით, ჩემმა ბიჭმა კი ყოველი დღისთვის ფილმი დამიტოვა…", - წერს იზა ომაძე.
შეგახსენებთ,რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. მომხდარზე პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. სასამართლომ კი, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იხილეთ ვიდეო აქ