პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად - გიორგი ამილახვარი
განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ დღეიდან იგი პირადად დაიწყებს აქტიურ კომუნიკაციას დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით.
"რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა. ამიტომ ჩვენ და მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან - ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს, ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამით და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.