„იკითხა ოთარმა ეს ლექსები, იკითხა და მითხრა: დაწვი და მომდევნო წელს ახლებით მოდიო“ - გიორგი კეკელიძე ოთარ ჭილაძესთან შეხვედრას იხსენებს
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს მწერალ, ოთარ ჭილაძესთან პირველ შეხვედრას.
„ოთარ ჭილაძე მისმა ძმამ, თამაზმა გამაცნო, ხილიანზე, მოკრძალებულ ბინაში, თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა, საბეჭდ მანქანასთან. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი, და რას წარმოვიდგენდი, რომ დიდი ხნის შემდეგ, ერთ დღესაც ამ მანქანას ბიბლიოთეკაში წამოვიღებდი ჭილაძეების კაბინეტს როცა ვაწყობდით, იმ კაბინეტისთვის. ჰოდა, ერთ-ერთი სტიპენდიის კანდიდატი გახლდით, როგორც ნორჩი პოეტი, ჩემი წარმდგენები თამაზ ჭილაძე და ანა კალანდაძე იყვნენ. თამაზმა მითხრა, რომ მოდი ჩემს ძმას ვაჩვენოთ შენი ლექსები, მოეწონება და მესამე რეკომენდატორიც გეყოლებაო. იკითხა ოთარმა ეს ლექსები, იკითხა და მითხრა: მოდი, ასე მოიქეცი - ნაწერები ცუდი ნაღდად არ არის, მაგრამ უკეთესს შეძლებ და ეს რომ გამოგივიდეს და ტკბობამ არ შეგიპყროს, დაწვი და მომდევნო წელს ახლებით მოდიო. რა მექნა, დავპირდი. გურიაში როცა დავბრუნდი, დასაწვავად დამენანა და ყველა ლექსი გადავაკეთე ნელ-ნელა. მომდევნო წელს ოთარ ჭილაძე ჩემი რეკომენდატორი იყო. ჰოდა, მე ეგრე მასწავლა ამ გამოცდილებამ, რომ შეიძლება სადღაც არასწორი იყო, ფეხი წამოიკრა და არ არის აუცილებელი გაჯიუტდე ამ მარცხში. ან დაწვი და ახალი შექმენი, ან აიღე და შეცვალე.
ნაწერი კონტექსტის გათვალისწინებით ჩემს კეთილისმსურველებზეც კი გამომივიდა, მაგრა მაინც :
ოთარ ჭილაძე - 90“, - წერს კეკელიძე.
დღეს, 20 მარტს, ქართველ მწერალს, ოთარ ჭილაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.