თეგებით ძიება

საქართველოში NGO-ები, დასავლეთის დახმარებით "მორიგ ფერად რევოლუციას" ამზადებენ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას დასავლეთი ხელს უშლის.

"დასავლეთი (ევროკავშირი და აშშ) ცდილობს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას თავს მოახვიოს თავისი პირობები. ის კვლავ პრეტენზიას აცხადებს, რომ დომინირებდეს და განამტკიცოს თავისი ჰეგემონია ყველგან, საკუთარი საზღვრებიდან შორს, პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს - ლეგიტიმურ ინტერესებს. მხედველობაში მაქვს, თურქეთის, ირანის და რუსეთის მეზობლები.

რით ხელმძღვანელობს დასავლეთი, როცა სამხრეთ კავკასიაში რაღაც თამაშებს იწყებს? ამ გეოპოლიტიკურ ჩანაფიქრთან ერთად, დასავლეთი ხელს უწყობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, ფინანსურ, მატერიალურ მხარდაჭერას, რომლებიც, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, დაკავებულები არიან ღონისძიებებით, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ „მორიგი ფერადი რევოლუციის მომზადება“. ესეც არცთუ ძალიან დამალულია. ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილია. ასევე ცნობილია, როგორ გამოდიან საჯაროდ, იცავენ დასავლეთის ინტერესებს და ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ რუსეთის და ირანის ქმედებების, რაც ასევე ცნობილია.

ამიტომ, ახლა არ ვხედავ არანაირ შესაძლებლობას და აუცილებლობას სამხრეთ კავკასიის შესახებ დასავლეთთან რაიმე დიალოგის წარმოებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო რეგიონული დღის წესრიგის სხვა საკითხების უმრავლესობაზე", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა