პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა.
"მომხსენებელმა იმ ძირითად რეფორმებსა და სისტემის ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კოდექსი ორიენტირებულია თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესზე და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება ექვსიდან 11 თვემდე სხვადასხვა ქვედანაყოფებისთვის და უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.