A კატეგორიის ტაქსის ნებართვების აქტივაცია 2024 წლის პირველ აპრილამდე იქნება შესაძლებელი
თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი შევა ძალაში.
„20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა. პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. ნებართვის შენახვას თუ გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება – დღეში სამი ლარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
„პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებული იქნება საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ეს ნიშნავს, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის და არა მოძრაობისთვის, არ დაჯარიმდებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.