„რამდენიმე წლის წინ, ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ...“ - რას ამბობენ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მეზობლები?
16 მარტს, დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგონას მეზობლები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამავე ადგილას წლების წინ ბიჭის ცხედარიც იპოვეს.
"გოგონასთვის განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია, გარდა იმისა, რომ ძალიან თხლად ეცვა", აცხადებს მაკა კვაჭაძე, რომელმაც გოგონა ბოლოს ნახა.
როგორც კვაჭაძე "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, დაახლოებით ღამის 23:00 საათისთვის ეზოში, სადაც ის ძაღლს ასეირნებდა, გოგონა საქანელაზე ქანაობდა.
"ჩქარი ნაბიჯებით ამოვიდა "ლელოს" სტადიონის ქვედა მხრიდან და საქანელაზე ჩემგან ზურგით დაჯდა. კი ვიფიქრე, მარტო რატომაა, ალბათ, ვიღაცას ელოდება-მეთქი. სახეზე ვერ ვხედავდი, მაგრამ მივხვდი, რომ ასაკით პატარა იყო. აქ ხშირად არიან ბავშვები, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგიც სეირნობს ან საქანელებზე ჯდება და ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილა. მერე მოვიდა და ჩემს ძაღლს მიეფერა, თქვენიაო, კი-მეთქი, რა ლამაზიაო... ისეთი არაფერი შემიმჩნევია, გარდა იმისა, რომ ძალიან თხლად ეცვა - მოკლე შორტი და ზევითაც თხელი მოსაცმელი. სხვა რამ თვალშიU არ მომხვედრია, აღელვება ან ნერვიულობა. რამე საეჭვო რომ შემემჩნია, ვკითხავდი. შემდეგ ისევ პეტრიწის ქუჩისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა...
უამრავი კითხვა დამისვეს, რატომ არ გეუცნაურათ იმ დროს ბავშვის გარეთ ყოფნაო. ეს რომ მოზარდის გარეთ ყოფნის პირველი შემთხვევა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, თვალში ცუდად მომხვდებოდა, მაგრამ ასეთ დროს უამრავი ბავშვი ბრუნდება რეპეტიტორებისგან, სხვადასხვა წრიდან, ახლო დასახლებაა, პირველად ხომ არ გაუვლია მოზარდს? შემდეგ გავიგე, რომ სწორედ იმ მხარეს, საითაც წავიდა, ბნელ ადგილას უპოვიათ. ვიღაცამ თქვა, ახლოს "ჩიფსის" პარკი ნახესო. მე არაფერი შემიმჩნევია. რა არ ითქვა, ალბათ, ვიღაც აეკიდაო, მაგრამ მე იმ დროის განმავლობაში არავინ დამინახავს, მარტო იყო", - აცხადებს კვაჭაძე.
"რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ...", აცხადებს ბავშვის სხვა მეზობელი.
"ამ უბანში ყველა ერთმანეთს იცნობს. გოგონას ოჯახსაც ვიცნობ, ძალიან კარგი, მშვიდი და შეთანხმებული ოჯახია. დებს, მაგდასა და ანის ხშირად ვხედავდი ერთად. თვალებიდან არ ამომდის მისი ღმუილი, როდესაც დის ჯერ კიდევ თბილი სხეული ნახა მიწაზე. უბედურ დედ-მამაზე არაფერს ვამბობ. ღმერთმა შეაძლებინოთ ცხოვრების გაგრძელება...
ძალადობის ვერსია იმიტომ წამოვიდა, რომ ბავშვი იმ დროს იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყო, თან ყელზე მცირედი დაზიანებებიც ჰქონია. კი ითქვა, რომ ყელზე დაზიანება სასიკვდილო ვერ იქნებოდა, მაგრამ უმწეო ბავშვის გაგუდვა პირზე ხელის აფარებით და ცხვირის დაცობითაც შეიძლება. ბნელ და მიტოვებულ ადგილას თვითონ არ მივიდოდა და ამიტომაც ითქვა, შესაძლოა იცნობდა ვიღაცას, ვისაც ენდო და ვინც შემდეგ მოკლა და, ალბათ, იმ ადგილას მერე მიიყვანაო... გარშემო მაღალსართულიანი კორპუსებია, თან ახლო-ახლო და რამე ხმაური რომ ყოფილიყო, პირველ რიგში მე გავიგებდი, რადგან იქვე მაღაზია მაქვს და გვიანობამდე მიწევს ყოფნა. ქუჩაში რას ლაპარაკობენ, პირველი-მეორე სართულის ბინადრებს ესმით. კივილის ხმა რომ ყოფილიყო, ყველა გამოვიდოდა ბავშვის საშველად. ეტყობა, მართლა გადასცდა მშრალი სუპი, მერე გული აერია და გაიგუდა. შესაძლოა საკვები რომ გადასცდა, იფიქრა, გულს ავირევო და მოფარებულში შევიდა.
წელიწადზე მეტია, რაც იმ ადგილასა და სტადიონის ჩაყოლებაზე გარე განათების ნათურები გადამწვარია. ხშირად ვრეკავთ მერიაში, გამგეობაში, მაგრამ თავს არავინ იწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსები ახლოს არის, საღამოობით აქ მაინც არის უსიამოვნო შეკრებები, განსაკუთრებით ზაფხულობით. ხშირად გარჩევებია, სკოლიდან გამოპარული ბავშვებიც იყრიან იქ თავს, სიგარეტს და კიდევ ვინ იცის, რას ეწევიან. ვინც ძაღლს ასეირნებს, სულ წუწუნებენ, რომ არაერთხელ უნახავთ ერთჯერადი შპრიცები. ბიჭები, მათ შორის არასრულწლოვნებიც, იქ ლუდსა და არაყს სვამენ, ამიტომაც აქციეს ნაგავსაყრელად. ეს ღამე ხდება, თორემ დღე, სულ ხალხი მიდი-მოდის. ღამით ჩაბნელებული რომ არ ყოფილიყო იქაურობა, შესაძლოა ეს უბედურება არ დატრიალებულიყო. რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ...
ძალადობა თითქმის გამორიცხულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მერცხალივით ბავშვი, რომელიც ჩვენ თვალწინ იზრდებოდა და ეზოში ასკინკილას თამაშობდა, ერთ ღამესაც შინ გარდაცვლილი მიასვენეს. ეს ტრაგედიაა, რომელსაც მიზეზი აუცილებლად ექნება და იმედია, გამოძიება პასუხს გასცემს...", - აცხადებს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით, ბავშვს საჭმელი გადაცდა და დაიხრჩო.
წყარო: kvirispalitra.ge