თეგებით ძიება

"45 წლიდან ზემოთ ყველა თავს ვიმშვიდებთ, რომ "გული არ ბერდება“ და "ასაკი მხოლოდ ციფრებია“ - თეა გვასალია

ჟურნალისტი, თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს და ასაკის მატებაზე წერს.

მისი თქმით, 45 წლიდან ზემოთ ყველა ადამიანი, თავს იმშვიდებს, რომ "ასაკი მხოლოდ ციფრებია".

"ახალგაზრდები ამაზე ფიქრით თავს არ იწუხებენ, მაგრამ 45 წლიდან ზემოთ ყველა ვთანხმდებით, უფრო სწორად, თავს ვიმშვიდებთ, რომ „გული არ ბერდება“ და  „წლები მხოლოდ ციფრებია“. "შენ არ იცვლები“, ვეუბნებით დიდი ხნის უნახავ მეგობარს და მართლა გვინდა რომ ასე იყოს:  დრო გადიოდეს, ჩვენ კი ისევ ხუჭუჭები და პატარები ვიყოთ. სინამდვილეში გარეგნობაც გვეცვლება, ინტერესებიც და პრიორიტეტებიც, მაგრამ ზოგიერთები ამას ღიმილით ვიღებთ და „გაგებით ვეკიდებით“, ზოგისთვის კი  თმის ყოველი გათეთრებული ღერი და თვალებთან გაჩენილი, მიმიკური ნაოჭებიც  ტრაგედიაა. ასეთები ჟამთა სვლას ხან ტუჩების დაბერვით ებრძვიან, ხან ბოტოქსით და ხანაც ოქროს ძაფებით გადამტკიცული სახის კანით. მე პირველ კატეგორიაში გავდივარ, მაგრამ მეორეს მეტ პატივს ვცემ სიმამაცისა და თავგანწირვისთვის. აბა მე რა უნდა მომცე, რომელი ბრედლი კუპერის ან ხოსე მარია მანსანარესის გულის დაპყრობას უნდა შემპირდე, რომ საკუთარი ნებით ვიჩხვლიტო ნემსი და მიმიკურ კუნთებში გაწმენდილი და დასუსტებული, მაგრამ მაინც შხამი - ბოტულოტოქსინი შევიყვანო. 

ასაკის მატებასთან ერთად იმასაც ხვდები, რომ საკუთარი შვილების გარდა, ბევრი არავისთან ხარ ანგარიშვალდებული, რაც საშუალებას გაძლევს ისე მოიქცე, ჩაიცვა და  ილაპარაკო, როგორც გინდა. უკვე იცი, რომ ამ ქვეყნად არც ერთი კაცისთვის/ქალისთვის არ ღირს ნერვების აშლა და ინსომნია. ჰაერში ოცნების კოშკებს აღარ აგებ და ადამიანს იმის მიხედვით კი არ აფასებ, რისი გაკეთების  პირობას იძლევა, არამედ იმით - აქამდე რაც გაუკეთებია. 

ასაკის ყველაზე დიდი სიკეთე მაინც, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა ყოფილა. აი, დღეს, საგაზაფხულო შარვლები და სხვა ტანსაცმელი ამოვალაგე და აღმოვაჩინე, რომ M ზომა ჩემი აღარ იყო.  სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, ასეთ შემთხვევაში,  რაციონიდან ტკბილს და ცომეულს ამოვიღებდი და შვიდის მერე აღარფერს გავეკარებოდი, დღეს უკეთესი გამოსავალი ვიპოვე, L ზომა ტანსაცმელი ვიყიდე და ისეთი გემრიელი მოცხარის კექსი გამოვაყოლე ხელს, რომ  ორდღიანი ნეტარება გარანტირებული მაქვს. 

როგორც მანუ ჩაო მღერის “La vida son dos días y uno y medio llueve” ანუ, ცხოვრება ისედაც ორი დღეა და აქედან დღენახევარი წვიმსო. ჰოდა, ძალიან ვეცადოთ,  იმ დარჩენილი, მზიანი ნახევარი დღიდან მაინც, ისეთი ემოციები გავიყოლოთ, ბავშვობაში რომ გვეუფლებოდა  ფანჯრიდან შემოჭრილი, ივნისის მზის პირველი სხივების დანახვაზე, როცა გულუბრყვილოდ  გვჯეროდა  რომ ზაფხულის არდადეგების დამთავრებამდე ჯერ უსასრულო დრო იყო დარჩენილი, თვით არდადეგები კი საოცარ თავგადასავლებს გვპირდებოდა. 

 „უსასრულოთი“ თავს ვეღარ მოვიტყუებთ, მაგრამ  ჩვენი სასრული ცხოვრებიდან ის ბალასტი რომ მოვიშოროთ, რასაც სხვების დასანახად ან სხვებისთვის თავის მოსაწონებლად ვაკეთებთ, ცხოვრება გაცილებით ლაღი, მსუბუქი და საინტერესო იქნება, მეტ სიამოვნებას მოგვანიჭებს და ვინძლო არდადეგებზე ვერახდენილ, იმ „საოცარ თავგადასავლებსაც“ გამოვკრათ ხელი", - წერს ჟურნალისიტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა