"ათეულობით ჭრილობა მიაყენა და ცხედარს ცეცხლი წაუკიდა“ - შსს მუხიანში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე
თბილისში, მუხიანში ლიფტში ნაპოვნი გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დაკავებულს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
გამოძიების ინფრომაციით, 39 წლის კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.ა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აღნოშნულია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, 22 მარტს მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე დამწვრობა აღენიშნებოდა და ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. გარდაცვლილი 64 წლის რამაზ ბასილაძეა, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობდა.