მივესალმებით პირდაპირ ფრენებს და უვიზო მიმოსვლას რუსეთთან - კახა კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის დუმის დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება დააანონსა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ამ გადაწყვეტილებას.
"თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის", - აცხადებს კახა კალაძე.
ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოჰყვა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.