კლინიკა „ვივამედის" მიმართვის შემდეგ სამინისტრო განიხილავს სააკაშვილის გადაყვანის მიზანშეწონილობის საკითხს - რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედის" მიმართვის შემდეგ სამინისტრო განიხილავს შენობიდან მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მიზანშეწონილობის საკითხს.
„ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის მკურნალობას არ ემორჩილებოდა და „ვივამედის“ ეს განცხადებაც იყო კიდევ ერთი განმეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ სააკაშვილი მკურნალობას არ ემორჩილება, მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ და ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ.
მთელი ეს მცდელობები, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აწარმოებს, არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, იმავდროულად, რომ შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები, არის „კარგად დაგეგმილი“ და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილის საზღვარზე შემოპარვიდან დღევანდელ დღემდე მიზნად ისახავს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას, თითქოს და მას ვინმე აწამებს. თუმცა ამის შესახებ დღემდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიტანეს“, - თქვა რატი ბრეგაძემ "იმედთან".
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" რამდენიმე თვეა მკურნალობს.