თეგებით ძიება
24. 03. 2023 სპორტი

"ხვიჩას დედაც ასეთია - მეგრელი და ზუსტი..." - რას წერს გიორგი კეკელიძე კვარაცხელიებზე?

მწერალი, გიორგი კეკელიძე ქართველი ფეხბურთელისადმი მიძღვნილი წიგნიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და დედამისზე წერს.

"ზუსტია მეგრელი ქალი. მისი სიზუსტე გეომეტრიის ფარგლებს ეურჩება - არ მგონია რომელიმე ხელსაწყომ შეძლოს და გათვალოს, როგორ უნდა დაიცვა მანძილი სხვადასხვაგან და თანაბრად -      ეზოში დარგულ, ჯიუტი წვიმებისგან გადარეულ ყვავილებსა და სუფრაზე სამ სართულად ჩამორიგებულ კერძებს შორის, ელარჯი ისე შეკმაზო - თან ტკბილად გეჩვენებოდეს და თან მომჟავოდ, ხმამაღლა საუბრობდე, თითქოს ჩხუბით და საოცრად ზრდილობიანი იყოს თითო სიტყვა, იავნანას მღეროდე და თან გაძინებდეს და თანაც გაფხიზლებდეს ეს სიმღერა -  უყურებ ყველა ღამეს, რაც ამ ქალებმა გამოირეს ათასობით წლის მანძილზე, როგორ უხვევდნენ ამ ღამეებში, ნაჭრის ნაცვლად ამ ჰანგებით ქმრებს და შვილებს სისხლიან მკლავებს. კი, მეგრული სიმღერა ასეთია - მარტო კი არ უსმენ, უყურებ კიდეც. მაგიური სიზუსტე სჭირდება ამ წონასწორობებს, თანდაყოლილი და შრომით გაწვრთნილი. ხვიჩას დედაც ასეთია - მეგრელი და ზუსტი. ხვიჩა რომ ხუთ ფეხბურთლეში პასს გააძვრენს, თან რბილია ეს პასი და თან მიზანსაც აღწევს - დედისგან შენაძენი მგონია. ფეხბურთი ხვიჩას დედასაც უყვარს - მაკა (ეკა) ლუკავას. ან სხვა რა გზა აქვს, რომ არ უყვარდეს - ფეხბურთელების გაურღვეველ ალყაშია - ქმარი და სამივე ვაჟი ბურთს აგორებს, ერთი მათგან ბურთს კი არა, მთელ დედამიწას კენწლავს უკვე. მაკას უცნაური სიმშვიდე ახლავს და ეს სიმშვიდე, სულ რომ თემურ ქეცბაისავით მღელვარე კაცი იყო, გარდაუვლად გადაგედება. მაგრამ ასე მგონია, რომ მაინც გარეგნულია ეს სიმშვიდე და სულ სხვა დუღილს და შფოთვას გულისხმობს მაშინ, როცა საქმე კეთების ვნებას ეხება. ამას იმეორებს ხვიჩაც - მოედნის გარეთ თუ ნახავთ, საოცრად წყნარია და გაგიკვირდებათ - შესამჩნევად მორცხვიც, მოედანზე კი წამიერად ამაყ და მოურიდებელ კაცად გადაიქცევა ხოლმე.

წიგნიდან - ,,ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი", - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა