ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლია, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია.
„ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღევანდელ დღეს, იმის შემდეგ, რაც ოფიციალურად გასულია ხელისუფლებიდან. გარეთაც ისმება ეს კითხვა და მე მგონი საზოგადოებაშიც არის ეს განცდა თუ კითხვა, სად არის მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები. მე ამაზე პირდაპირი პასუხი და მტკიცებულებები არანაირად არ მაქვს. ეს ახალგაზრდები არიან შემსრულებლები, გამხმოვანებლები, თუ ესენიც იღებენ გადაწყვტილებებს. კითხვა როცა არსებობს, ეს არის თავისთავად ცუდი პოლიტიკური სისტემისთვის, იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იცოდეს საზოგადოებამ, სად არის პასუხისმგებლობის ცენტრი, ვინ იქნება ხვალ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე თუ ამ რიტორიკაზე, რომელიც ამდენად დამაზიანებელია. უფრო რიტორიკაა დამაზიანებელი, ვიდრე ჯერჯერობით რაღაც კონკრეტული ნაბიჯები. ზოგი ნაბიჯის არგადადგმა არის დამაზიანებელი და ძირითადად რიტორიკა. ამას გვეუბნება ყველა“,- განაცხადა პრეზიდენტმა „ტვ პირველთან“.
კითხვაზე არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ოლიგარქია, თუმცა ეს მისი მთავარი პრობლემა არ არის.
„კი ოლიგარქია, იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. პრობლემა არის ამ პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.