„ხვიჩას ბაბუა - მამია კვარაცხელია, დინასტიის უხუცესი ფეხბურთელი იყო“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას ბაბუას შესახებ წერს.
„ხვიჩას ბაბუა - მამია კვარაცხელია, დინასტიის უხუცესი ფეხბურთელი იყო. თავდაჭერილი და მშრომელი. მეტსახელად მაკრატელას ეძახდნენ - ამ საფეხბურთო ნომრის კარგი შესრულების გამო. ხოლო ფეხბურთს თამაშობდა დიდი ვნებით და ერთხელ, პიჯაკ-შარვალი ითხოვა, საგანგებო საქმეზე მიდიოდა წალენჯიხაში, დაინახა - სადღაც ბურთს აგორებდნენ უცხოები და ასე გამოწკეპილი შეურთდა. ეს თავის მხრივ შეამჩნია ნაკიფუსკენ მიმავლმა მგზავრმა და რადგან იცოდა რომ მაშინ ნაკიფუში პიჯაკ-შარვალი მხოლოდ ერთ კაცს ჰქონდა, ჩავიდა და მოახსენა - ,,მამია გაგიჟებულა, შენი საკუბოვე ტანსაცმლით ფეხბურთს თამაშობსო’’. ეს კაცი მამიაზე უფრო გაგიჟდა და გავარდა წალენჯიხისკენ. როცა მიუხლოვდა და დაინახა დიდი თამაში იყო გაჩაღებული, თვითონაც მოუნდა და შეუერთდა. შეიძლება ჯაჯგურისას მამიას საკუთარი პიჯაკის მკლავიც ჩამოხია და იწვა მერე კუბოში დაკერებული სახელოთი. ასე უყვარდათ ფეხბურთი საქართველოში. ასე უყვართ და ეყვარებათ.
წიგნიდან: ,,ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი", - წერს კეკელიძე.