თეგებით ძიება

„მოკლედ ტოქსიკური ურთიერთობების შესახებ...“ - რას წერს გიორგი თვალაძე?

ბიზნეს ტრენერი, „ინტელექტიკას“ დამფუძნებელი გიორგი თვალაძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს თავის მოსაზრებას ტოქსიკური ურთიერთობების შესახებ.

„მოკლედ ტოქსიკური ურთიერთობების შესახებ:

მოდი მოკლედ, მაგრამ საფუძვლიანად გავერკვეთ, თუ რა არის ტოქსიკური ურთიერთობები.

დავიწყოთ მსუბუქად და ნელ-ნელა დავამძიმოთ...

ტოქსიკურია ურთიერთობა, როდესაც უძლებ.

ტოქსიკურია ურთიერთობა, როდესაც ყველაფერი განპირობებულია და აღარ იცვლება უკეთესობისკენ, უარესობისკენ კი, მიდის ლიწინ-ლიწინით. 

ტოქსიკურია ურთიერთობა, რომელშიც ადამიანები აფასებენ, აუფასურებენ, ახშობენ, განიკითხავენ და ძალადობენ ერთმანეთზე.

ტოქსიკურია ურთიერთობა, როდესაც ადამიანები განიცდიან უაღრესად მძიმე შეგრძნებებს და ვერ ხედავენ გამოსავალს.

რატომ აქვთ ადამიანებს ტოქსიკური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ?

ნატიფი ნიუანსი: ტოქსიკურ ურთიერთობებს - ტოქსიკური ადამიანები ქმნიან!

რას ნიშნავს ტოქსიკური ადამიანი?

ეს არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი შინაგანი ტერიტორიის სივრცეში, ძალიან ბევრი მძიმე მუხტის მქონე ემოცია აქვს დაგროვილი,. ეს ემოცია იმდენად ბევრია, რომ მას უბრალოდ ფიზიკურად აღარ შეუძლია ამ მასის შეკავება. 

შესაბამისად, ნებისმიერ ელემენტარულ გამაღიზიანებელზე, - რასაც პრინციპში უკვე მიზეზიც კი აღარ სჭირდება, - ანთხევს გარეგანი ტერიტორიის სივრცეში და გადასცემს სხვას.

ადამიანები დანაშაულის გრძნობის ძალიან მაღალი სტრუქტურულ-დინამიური შემადგენლობით, ვერ აკავებენ საკუთარ თავში ამ მასებს და ღვრიან გარეთ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ტოქსიკური ურთიერთობების მქონე ცოლ-ქმარს, ან დედა/მამა-შვილს, მიზეზიც კი აღარ სჭირდებათ დასატრიგერებლად - ერთმანეთის სახეების დანახვა, ან ხმის გაგონება, საკმარისია ტოქსიკური მასების რესტიმულაციისთვის... და იწყება დრამა...

ასე რომ, როდესაც ხედავთ ან გესმით - დადანაშაულება, წუწუნი, განკითხვა, აგრესია, ანტაგონიზმი, გაუფასურება, ჩახშობა, იცოდეთ, რომ თქვენს წინაშე ტოქსიკური ადამიანია საკუთარი უმძიმესი სტრუქტურულ-დინამიური შიგთავსით.

ადამიანი, რომელიც ყველას ადანაშაულებს, თავად განიცდის დანაშაულის გრძნობას, რომელსაც ვერ აცნობიერებს, რის გამოც საკუთარ სტრუქტურულ-დინამიურ შინაარს სხვა ადამიანებს გადასცემს.

თუ ადამიანი ყველას განიკითხავს და არცხვენს, სინამდვილეში მას თავად რცხვენია საკუთარი თავის გამო, თუმცა ვერ აცნობიერებს ამას...

შევაჯამოთ და დავამძიმოთ:

ტოქსიკური ურთიერთობა - ეს არის, ორი ტოქსიკური ადამიანის ურთიერთქმედება. ისინი თავიანთი შინაგანი ტერიტორიის სივრცეებში, ფლობენ ძალიან დიდი რაოდენობით დაგროვილ უმძიმესი მუხტის მქონე მასებს.

ეს მასები, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრია, ასევე ფლობენ უმძიმეს მუხტს.

რატომ?

იმიტომ რომ ინვერსიული შინაარსის ფესვები აქვთ. ფესვებში იგულისხმება უარყოფილი, არ მიღებული და განდევნილი პირველადი ემოციები, რომლებიც მეორადი ემოციებითა და ფიქსირებული იდეებით არიან გამყარებული და დაცული...

უარყოფისა და არ აღიარების გამო, პირველადი ემოცია, მაგალითად სირცხვილი, იმალება და თავს იცავს მეორადი ემოციით, მაგალითად ბრაზით... მას კი პოზიციების გასამყარებლად გვერდში უდგება რამდენიმე ფიქსირებული იდეა, რომლებიც რაციონალიზებას ახდენენ ამ მეორადი ემოციების, რათა არაფრის დიდებით არ გათქვან პირველადი... 

აი ამ ვისი ეკლერი ვის ტოლმაშიას - ქვია ინვერსია...

განსაკუთრებულად ჯიუტი ადამიანი, ამ ინვერსიასაც მალავს და ამართლებს... შესაბამისად, ის, რაც ამ საზიზღრობების შედეგად მიიღება, არის ტოქსიკური... 

ჰოდა, აი ამ კოშმარში მყოფი ადამიანები, ასე ცვლიან თავიანთ პირად, რთულ ემოციებს და ძერწავენ ტოქსიკურ ურთიერთობებს. და ეს დღეს უკვე ყველგანაა...“ - წერს თვალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა