„ყველაზე მნიშვნელოვანი ის ადამიანებია, რომლებიც გიყვარს“ - კარლა ბრუნი, საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი
სრული სახელი: კარლა ბრუნი სარკოზი
დაბადების თარიღი: 1967 წლის 23 დეკემბერი
დაბადების ადგილი: ტურინი, პიემონტი, იტალია
პროფესია: მუსიკოსი
- წლების განმავლობაში იყავით მოდელი, მუსიკოსი და საფრანგეთის პირველი ლედი. როგორ შეძელით ამ გარდაქმნების განხორციელება?
- ძალიან ადაპტირებადი ვარ და, რა თქმა უნდა, ძალიან იღბლიანი: ამ ორის ნაზავი ვარ. იღბლიანი დავიბადე. რეალურად მარცხის ყოველთვის მეშინია, რადგან აქამდე ძალიან გამიმართლა. ცხოვრება საკმარისია საბრძოლველად. ზოგადად, როცა უკან დგახარ, ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს არის მთელი ცხოვრების ისტორია.
- დედა პიანისტი გყავდათ, მამა კი კლასიკურ გიტარაზე უკრავდა. მუსიკალურ გარემოში რომ გაიზარდეთ, თქვენს არჩევანთან დაკავშირებით მათი მხრიდან აჯანყებისმაგვარი თუ მომხდარა?
- ჩემი მშობლები ნამდვილად არ ჩარეულან ჩემს არჩევანში, ისინი მხოლოდ ჩემი უსაფრთხოებისთვის ზრუნავდნენ. არ იტყოდნენ, რომ ეს ან ის უნდა გააკეთო... მოდელობის დაწყება სიმბოლური არჩევანი იყო, ეს მე თვითონ გადავწყვიტე. ვფიქრობდი, რომ ფულს ვიშოვნიდი. მინდოდა თავისუფალი ვყოფილიყავი.
- რამ გიბიძგათ იმ პერიოდში მუსიკისკენ?
- ძალიან ბევრს ვწერ ჩემი საოცნებო ცხოვრებიდან, რომელიც ჩემთვის რეალობაა. ბავშვობიდან, ხუთი წლიდან დღემდე, მუსიკას თავშესაფრად მივიჩნევდი ყოველთვის, როცა რამე მიჭირდა. მაგალითად, “Darling” ჩემს მეგობარს ფრანსუა ბოდოს, ხოლო „Salut, Marin” ჩემს ძმას, ვირჯინიოს მივუძღვენი. ფრანსუას სიკვდილი შოკისმომგვრელი იყო... ხანდახან ვოცნებობ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენთან აღარ არიან და ეს მომენტი მიყვარს. თითქოს გრძნობ, რომ ისინი არ არიან მკვდრები და უბრალოდ გვერდით ოთახში არიან. ამ ემოციის აღძვრაში მუსიკის წერა და სიმღერაც გვეხმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის ადამიანებია, რომლებიც გიყვარს.