"27 წლის გიორგი მენინგიტით გარდაიცვალა, დარჩა ორსული ცოლი. იმის გამო, რომ გიორგის "გირჩის“ ცნობა ჰქონდა აღებული, შალვა კეკელიამ წესი არ აუგო“ - ბექა ყორშია
ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მამა შალვა კეკელიას ბრალდებას უყენებს.
მისი თქმით, სასულიერო პირმა გარდაცვლილ კაცს იმის გამო, რომ ერთ-ერთი პარტიის ცნობა ჰქონდა აღებული, წესი არ აუგო.
"27 წლის გიორგი გოდუაძე გარდაიცვალა მენინგიტით. როგორც გავიგე, დარჩა ორსული ცოლი. იმის გამო, რომ გიორგის ”გირჩის” ცნობა ჰქონდა აღებული, შალვა კეკელიამ წესი არ აუგო. ვიმეორებ - ფარატინა ფურცლის გამო, აი, ამ მავნებელმა კაცმა უკარგეს ბიჭს წესი არ აუგო და ამით ჭირისუფალს ამხელა სიმძიმე იდნავადაც არ შეუმსუბუქა.
ის, რასაც ამისნაირი მღვდლები ქრისტიანობად გვტენიან, ქრისტიანობა არაა, ესაა გაუგონარი რადიკალიზმი.
მახსოვს, ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაში ექსტრემისტმა თავი აიფეთქა. კოპტების პატრიარქი გამოვიდა და თქვა, რომ მკვლელს უნდა მივუტევოთ და ლოცვებში მოვიხსენიოთო. კი, ეს არის ქრისტიანობა.
ამ კაცმა, შალვა კეკელიამ, რაღაც ფარატინა ფურცლის გამო 27 წლის უმაგრეს ბიჭს წესი არ აუგო. ეს არის ბოროტება, ნაძირლობა, ღორობა და მავნებლობა", - წერს ბექა ყორშია.
ცნობისთვის, “გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.