თათია სამხარაძის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს - „ნაციონალური მოძრაობა“
პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს.
ამავე ხელისუფლების საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ თათია სამხარაძე ოცნების პროპაგანდისტის ყოვლად ამორალური და კანონგარეშე ქმედებების მსხვერპლია.
დღეს სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება - სექსუალურად შემვიწროებელი პირის ორგანიზებით და ამ პირის ფორმალური თუ არაფორმალური სახელისუფლებო გავლენების გამოყენებით, შურისძიებისა და ძალადობის სხვა ფაქტების გადაფარვის მიზნით, შევიწროების მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს.
დევნაში მთელი სამთავრობო მედია, პოლიცია და ტროლ-ბოტების რესურსია ჩართული.
ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი, ძალადობის მსხვერპლი ქალის მისამართით მსგავსი მასშტაბით ორგანიზებული სახელისუფლებო დევნის გაბედვა, კარგად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ არის საქართველოში დაცული რიგითი მოქალაქის უფლებები. ხელისუფლება ღიად აფიქსირებს, რომ საკუთარი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად რუსული სტილის რეპრესიებს იყენებს და სახლში შეუვარდება ყველას - ყოველგვარი მიზეზების გარეშე!
მოვუწოდებთ საქართველოში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების საელჩოებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატსა და ყველას, ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის უფლებების მსგავსი ცინიზმით და თავხედობით ფეხქვეშ გათელვა, შესაბამისი სიმძაფრით აღვიქვათ პრობლემის არსი და გვქონდეს პროპორციული რეაქცია"- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, POSTV-ის მიერ განხორციელებული შეტყობინების გამო, 24 მარტს, გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. უწყებაში POSTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 27 მარტს თათია სამხარაძემ თქვა, რომ ამ დრომდე მის სახლთან იმყოფება POSTV-ის გადამღები ჯგუფი და საქართველოს პრეზიენტს დახმარება სთხოვა.