თეგებით ძიება

„ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფოს მოღალატე, რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული“ - ტარიელ ნაკაიძე

დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს და წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღიზიანებს ქართველი მუსლიმების მიერ ხმის ამაღლება უსამართლობაზე. 

"ირაკლი კობახიძეს ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს უმცირესობებზე და ჰგონია, რომ მისი გუნდის სახიფათო გზავნილების გადაფარვას ჩემი დადანაშაულებით და ბინძური ტყუილებით შეძლებს. 

ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფოს მოღალატე, რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული.

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე ბრალს მდებს, ჩემი 20 წლიანი საქმიანობის გამო, რომელიც მუსლიმი თემისა და საქართველოში მცხოვრები სხვა უმცირესობების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. ჩემი საქმიანობა ქართული ოცნებისთვის ნამდვილად არის პრობლემატური. რატომ?

მხოლოდ ფაქტები:

1. 2013 - 2021 წლები - ქართულ ოცნებას არ გაუვიდა, მუსლიმებისთვის შეეზღუდა ნიგვზიანში, სამთაწყაროში, წინწყაროსა და ბუკნარის მეჩეთებში შესვლა;

2. 2013 წელი - ქართულმა ოცნებამ სამხედრო და საპოლიციო ძალების გამოყენებით, მოხერხა სოფელ ჭელის მეჩეთის მინარეთი, რომელიც, 2 თვის განმავლობაში, საერთშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანვე დავაბრუნებინეთ;

3. 2014 წელი - სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმი მოქალაქეები მშვიდობიანად ითხოვდნენ ისტორიული შენობის დაბრუნებას, პოლიციამ სასტიკად სცემა შეკრებილი ადგილობრივივები, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს კომპენსაცია დააკისრა, რითაც დადგინდა სახელმწიფოს მიერ დანაშაულის ჩადენა. 

4. ქართული ოცნება დღემდე, დისკრიმინაციულად, არ გასცემს ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, მაგრამ 2017 წლიდან მუსლიმი თემი სახელდახელოდ მოწყობილ მეჩეთში მაინც აღავლენს ლოცვას. ქალაქ ბათუმის მერმა კი, ცინიკურად, ბაირამის დღესასწაულზე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის არ გაცემა დისკრიმინაციულად შეფასდა.

ქართულ ოცნებას აღიზიანებს ქართველი მუსლიმების მიერ ხმის ამაღლება უსამართლობაზე; ის, რომ უმცირესობებს საქართველოს პარლამენტში პირველად ჰყავთ მათი პრობლემების გამჟღერებელი; ასევე ღიზიანდება საქართველოს უმცირესობებში მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ზრდით", - წერს ტარიელ ნაკაიძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ტარიელ ნაკაიძის შესახებ განაცხადა: „მინდა ძალიან მძიმედ შევაფასო ის განცხადებები, რაც მიზნად ისახავს ამ თემით სპეკულირებას, მათ შორის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ამ თემით სპეკულირებას. სინამდვილეში, რეალობა არის სხვა. ტარიელ ნაკაიძე პრობლემური არის თავისი საქმიანობით. მასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ამ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ის თავისი საქმიანობით სწორედ რომ უპირისპირდება ჩვენს ძალიან ძვირფას მუსლიმურ თემს. ტარიელ ნაკაიძე თავისი საქმიანობით უპირისპირდება მუსლიმური თემის ინტერესებს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა