პარლამენტში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონი დაინიცირდა
პარლამენტში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონი დაინიცირდა. კანონპროექტის ინიციატორები ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი არიან.
კანონპროექტი ითვალისწინებს: პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის, გამოყენების აკრძალვას. გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში.
ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.
კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად — 1000 და 5000 ლარით.
პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით.
ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პიროტექნიკის აკრძალვის საკითხზე ბევრი ადამიანი წერდა, განსაკუთრებით, ახალი წლის დღეებში.
დეპუტატის თქმით, ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს. უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურიც.
ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, მარტო 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ.
აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში.
დეპუტატი გაწეული შრომისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის თორნიკე ართქმელაძეს და მარიამ გოგოლაძეს, ასევე პარლამენტის კვლევით ცენტრს.