თეგებით ძიება

„დაბნეული ტურისტი და უხერხულში ჩავარდნილი გიდი“ - რას იხსენებს დათო ლიკლიკაძე?

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე ქუთაისში ჩასულ ტურისტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ნამდვილ ამბავს იხსენებს. ლიკლიკაძის სტატუსს გვერდი Mcvane.Ge ავრცელებს.

„დაბნეული ტურისტი და უხერხულში ჩავარდნილი გიდი

(ნამდვილი ამბავი)

დღეს ერთი ტურისტი მყავდა ყაზახეთიდან. ტური აიღო ჩვეულებრივად (რამდენსაც 10 და 20 მიხდის, ამ ერთმა ბიჭმა დამპირდა გადახდას და რას დავეძებდი). მართალია ტურისტი ასტანიდან მოფრინდა, მაგრამ ხვალ ასევე ქუთაისიდან მიუნხენში მიემგზავრება. გერმანიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ყაზახეთში მშობლები მოინახულა. დავხვდი აეროპორტში. ვინაიდან მე გიდ-მძღოლი არ ვარ ხოლმე, ზუსტი  წესები არ ვიცი. თუმცა ის კი ვიცოდი, თუ პარკინგზე დავაყენებდი მანქანას 2 ლარი უნდა გადამეხადა. მეც ავდექი და პირდაპირ ჩამოფრენის ფლიგელის წინ გავაჩერე. დავინახე თუ არა ჩემი ტურისტი, გავექანე მის დასახვედრად. ამ დროს მანქანასთან პატრული დამხვდა დასაჯარიმებლად.

„ვაიმე არ დამღუპოთ, არ ვიცოდი აქ გაჩერება თუ არ შეიძლებოდა“ -შევბღავლე იღლიაში ჩემოდან ამოჩრილმა, 2 ლარის ეკონომიის გამკეთებელს 20 ლარიანი ჯარიმა მინდოდა? პატრულმა მიცნო და გამიღიმა. ცხადია არ დამაჯარიმა. ფართხა-ფურთხით ჩავტენე ესანჟის (ტურისტს ქვია) ჩანთები და კოპიტნარიდან გავქუსლე.

-როგორ გადარჩით?- მითხრა ესანჟმა.

-აქ ასე იქცევიან პოლიციელები, როცა უცხოელს დაინახავენ. თქვენი მოერიდა- აღარ ვუხსნი ახლა ამას დათო ლიკლიკაძე რომ ვარ და ჩემს ქალაქში მე მცეს პატივი.

მდაა... ესანჟი მიხვდა, რომ რაცხა კაი ქვეყანაში ჩამოვიდა.

გრძელდება მისი გაოცება. მიმყავს მუზეუმებში, სადაც არსად ფულს არ მახდევინებენ. ეს როგორ?-მეკითხება.

-ასე იციან ამ ქალაქში. სტუმარს რომ დაინახავენ სულ უფასოდ უშვებენ ყველგან.

მერე სადილად „ბარაქაში“ შემყავს. ვიცი რომ იმერეთის მთავარი კერძი ხაჭაპურიაო. მოგვიტანეს ხაჭაპური. და მიმტანმა გოგონამ თან მიჩურჩულა, დაპატიჟებული ხართო.

-უი რას ლაპარაკობ, როგორ გეკადრებათ, მე არ ვიხდითქო- ავტეხე ამბავი, მაგრამ არაო და მორჩა. რა ხდებაო? მკითხა ესანჟმა. მეთქი რახან ამ ქალაქის სტუმარი ხარ და ამ რესტორანში პირველად, ამის გამო დაგპატიჟესთქო. გადაირია ბიჭი. პირდაპირ მითხრა, მეუბნებოდნენ ქართველთა სტუმართმასპინძლობაზე, მაგრამ ამნაირი არაფერი გამიგია, არც ასტანაში და არც მიუნხენშიო. მერე ორი ჭიქა წითელი ღვინო მოვითხოვეთ, მაშინ ამის ფულს მაინც გადავიხდითქო და არაო. გაიგიჟეს თავი, საჩუქარიაო.

-ვაიმე ესანჟ, ისევ საჩუქარია.

გაგიჟდა სტუმარი. ჩავარდა ემოციურ შოკში. ამას ისიც დავუმატოთ, რომ გზადაგზა ბავშვები და ახლგაზრდები ჩვენთან ფოტოებს იღებენ. სულ ვერ გაიგო ესანჟმა რა ხდება.

მერე თეთრ ხიდზე გავედით. სუვენირების მაღაზიასთან გვაჩუქეს თეატრის გამოსახულებიანი მაგნიტი. მერე პისიარ ტესტზე დავრეკე მეგობართან, რომელიც ნამდვილად არ ღირს იაფი და მეუბნება, ერთი კაცი თუა, რა ფულზე მელაპარაკები, მოვიდეს შენი სახელითო. ესანჟი უკვე დაბნეულია, ვერ ხვდება რატომ იქცა ზეიმად მისი სტუმრობა ქუთაისში. 

ბოლოს ბაგრატის ტაძარისკენ დავიძარით.  ტაძრის შესასვლელში ჩამომსხდარი ქალბატონები, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ და ყველა ტურისტს „აყაჩაღებენ“, ჩემს სტუმარს არაფერი მოთხოვეს. სავარაუდო მიზეზით „ლიკლიკაძესთან ერთად ხარ, რაის ფულის მომცემი ხარო“.

ახლა ვარ ყველაზე დიდ განსაცდელში. ამდენი ამბის შემდეგ ცოტა მეუხერხულება გიდის საფასურის მოთხოვნა სტუმარზე. მაგრამ ძალიან გამიჭირდება, ბოლომდე მისი გაოცება და სავარაუდოდ ავიღებ ჩემი შრომის საფასურს. ამ ქვეყნიდან რომ წავა ესანჟი, ალბათ დაპოსტავს:

-ქუთაისში ყველაფერი უფასოა ლიკლიკაძის გარდაო.

 / დათო ლიკლიკაძე /


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა