მთხოვდა, დამემყარებინა სექსუალური ურთიერთობა რამდენიმე ადამიანთან და მემუქრებოდა, თუ არ გავუგზავნიდი სექსუალურ ვიდეოებს, გაასაჯაროებდა ჩემს კადრებს - 18 წლის გოგოს მძიმე ისტორია
18 წლის გოგოს სქესობრივი კავშირის იძულების, სიცოცხლის მოსპობის მუქარის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს.
18 წლის გოგოს მძიმე ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. მსხვერპლი "რუსთავი2"-თან იხსენებს, რომ სოციალურ ქსელში გაცნობილი მამაკაცი მას ინტიმური ფოტო-ვიდეო კადრების გაგზავნას ჯერ კიდევ მაშინ სთხოვდა, როდესაც არასრულწლოვანი იყო. სავარაუდო დამნაშავემ რამდენიმეთვიანი კონტაქტის შემდეგ, უკანონოდ მოპოვებული კადრებით მუქარა და შანტაჟი დაიწყო. მოძალადე მსხვერპლს შეხვედრას და სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა, მათ შორის სხვა პირებთანაც. დაზარალებული ამბობს, რომ მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო, ექიმების დახმარება დღემდე სჭირდება.
ვიდრე მოძალადე შეხვედრას აიძულებდა, გოგონამ მომხდარი ჯერ მეგობარს უამბო, შემდეგ კი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინა. 27 წლის მამაკაცი მალევე დააკავეს. ”რუსტავი2” კახეთის ერთ-ერთ სოფელში სავარაუდო მოძალადის სახლში მივიდა, სადაც მომხდარზე საუბარი არ სურთ.
ბრალდებულის ტელეფონიდან 18 წლის გოგონას ინტიმური ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები ამოიღეს. ეს კი, შანტაჟის შემცველი მიმოწერებია . "კურიერი" მის მხოლოდ მცირე ნაწილს ასაჯაროებს.
გამოძიება გრძელდება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის წინააღმდეგ, არაერთი მტკიცებულება მოიპოვა.