სასიხარულო ინფორმაცია - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ უკვე განკურნა 81 000 პაციენტი
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით უკვე განიკურნა 81 000 პაციენტი. ცერცვაძის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უპრეცედენტოა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2025 წელს დასრულდება.
„C ჰეპატიტის დარგში საქართველო მსოფლიოში ყველას მიერ არის აღიარებული უპირობო ლიდერად. 2015 წელს საქართველო იქნა შერჩეული ძალიან სერიოზული საერთაშორისო ლიდერების მიერ, ეს არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ეს იყო წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „გილიადი“, რომელმაც გამოიგონა რევოლუციური მედიკამენტი C ჰეპატიტის განსაკურნებლად, რომელიც მანამდე, პრაქტიკულად, უკურნებელი დაავადება იყო ან განიკურნებოდა ძალიან მცირე ნაწილი ძვირად ღირებული მკურნალობის ფასად.
ეს იყო უზარმაზარი მნიშვნელობის სიკეთე, როგორც გაირკვა, მსოფლიო მედიცინისთვისაც, მაგრამ, პირველ რიგში, ქართული მოსახლეობისთვის. ამ პროგრამამ უკვე განკურნა 81 000 პოტენციურად სასიკვდილოდ დაავადებული პაციენტი. საქართველოში ჯერ არ ყოფილა არცერთი ცალკე აღებული რომელიმე ჯანდაცვითი პროგრამა, რომელსაც ამდენი პაციენტის სიცოცხლე გადაერჩინოს და ისიც რაღაც 6-7 წელში. ამიტომ ეს პროგრამა უპრეცედენტოა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ", - აცხადებს ცერცვაძე.