"წაიღეს სათიბი, ბურღი და ტელევიზორი" - სოფელ შილდაში დაუდგენელმა პირებმა საცხოვრებელი სახლები გატეხეს (ვიდეო)
მასობრივი ქურდობის სერია კახეთში - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა საცხოვრებელი სახლები გატეხეს. წაღებულია საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძირითადად გაქურდეს ის სახლები, რომელთა მეპატრონეები სხვაგან ცხოვრობენ.
"არაყი წაიღეს, სათიბი, დრელე, დრუჟბა, ტელევიზორი წაიღეს, თუ რამე იყო სახლში. როგორც ჩანს, ერთი ჯგუფია, დადის და... კრიმინალურიც იყო, მაგრამ ვერ იგებენ. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. ნახევარი სოფელი საზღვარგარეთაა გაქცეული, ბევრი სახლია დაკეტილი. იმ დაკეტილებში შედიან", - ყვება შილდაში მცხოვრები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქურდობას სისტემური ხასიათი აქვს, რაც მათ დაუცველობის განცდას უმძფრებს.