რა კადრებიც გავრცელდა, ეს არის ადამიანის ინსტინქტი, რომ თავი გადაერჩინა - "ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი
სასტუმრო "ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული 28 წლის კაცის ადვოკატმა, პაატა გოგოლაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"დღეს უნდა წარუდგინონ ბრალი იმიტომ, რომ საღამოს 18:00 საათამდე აქვთ ვადა. შევხდი და ვესაუბრე. თავს დამნაშავედ არ ცნობს იმ საქმესთან მიმართებით, რის გამოც დააკავეს, ეს არის მისი ცალსახა პოზიცია“, -განაცხადა ადვოკატმა.
როგორც პაატა გოგოლაძე განმარტავს, დაკავებული ასევე უარყოფს იმ ინფორმაციას, თითქოს დაკავებული სამორინე "ამბასადორს“ სტუმრობდა და თანხა წააგო.
"გამორიცხულია. ის ცალსახად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სადღაც ითამაშა. ამბობს, ელემენტარულად ვისვენებდი და განტვირთვა მინდოდაო. რა კადრებიც გავრცელდა, ეს არის ადამიანის ინსტინქტი, რომ თავი გადაერჩინა. როდესაც აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ყველას გადარჩენისთვის, რატომ უნდა შეეცადა მაშინ, რომ აივნიდან თავი დაეცვა?!“, - აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სასტუმრო "ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“