არჩილ ტატუნაშვილი დღეს 40 წლის გახდებოდა
დღეს, 2 აპრილს, არჩილ ტატუნაშვილს 40 წელი შეუსრულდებოდა.
ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
„საქართველოს დროშა მიუტანიათ და უბრძანებიათ, ფეხით შედექიო. ამასაც არ დათანხმებულა. ამას ჩემი შვილი არასდროს გააკეთებდა! სხეულზე მთელი ადგილი არ დაუტოვეს, ყველგან წამების კვალი ჰქონდა. 26 დღე ველოდით მის ცხედარს. ტკივილს, ალბათ, ის მატანინებს, რომ ასე ღირსეულად მოიქცა. აჩიკოს ვაჟკაცობამ და გმირობამ მთელი მსოფლიო შეძრა. მას ყველაზე ძვირფასი რაც ჰქონდა - სიცოცხლე, სამშობლოს ღირსეულად შესწირა“,- იხსენებდა ტატუნაშვილის დედა.