თეგებით ძიება

„მართალია იმ შემთხვევაშიც, თუ ისროლა, და მართალია იმ შემთხვევაშიც, თუ არ ისროლა“ - სანაია გრიგორიადისზე

ჟურნალისტი, ვახო სანაია თბილისში ჩატარებული აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„იმ ღამით მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი, რადგან ხელისუფლებამ რუსული კანონით ესროლა საქართველოს სახელმწიფოს. 

იმ ღამით მე გადავაყირავე პოლიციის მანქანა, რადგან ხელისუფლებამ გადააყირავა ქვეყანა. 

იმ ღამით მე დავწვი პოლიციის მანქანა, რადგან ხელისუფლებამ დაწვა კონსტიტუცია. 

იმ ღამით ჩემი მოლოტოვის კოქტეილი ივანიშვილის რუსული კანონის წილ იყო და მადლობა თქვით, რომ ასე იაფი დაგიჯდათ ღალატი. 

იმ ღამით მე მართალი ვარ ვიყავი, რეჟიმი კი - ტრადიციულად დამნაშავე. 

იმ ღამით მე ქართველი პატრიოტი გრიგორიადისი ვიყავი, ხელისუფლება კი - ტრადიციულად რუსული. 

სინამდვილეში ლაზარე ჩვენ ვართ - მე ვარ და შენ, ვინც ამ სტატუსს კითხულობ. ჩვენ, ვისაც ახლა ამცირებენ, შეურაცხყოფენ, ჩაგრავენ და ციხეში გამოკეტვის მუქარით გატეხას ცდილობენ. როგორც არ უნდა ეცადოთ უკანონოდ დაკავებული ადამიანის მორევას, იცოდეთ, რომ გარეთ ძალიან ბევრნი ვართ. 

თქვენ ქვეყანა რუსებს მიჰყიდოთ და ჩვენ მოლოტოვის კოქტეილზე დაგვიჭიროთ, არ გამოვა ეგრე. ეს გაითვალისწინეთ. ასევე - ნუ გააუფასურებთ მოლოტოვის კოქტეილს ამდენი ლაპარაკით. დამიჯერეთ. 

PS არ ვიცი, ისროლა თუ არა ლაზარემ მოლოტოვის კოქტეილი, მაგრამ მან უნდა იცოდეს - მართალია იმ შემთხვევაშიც, თუ ისროლა, და მართალია იმ შემთხვევაშიც, თუ არ ისროლა და სხვა ფორმით ებრძოდა რუსულ კანონს. 

იმ ღამით რუსთაველზე იდგა ერთადერთი დამნაშავე - ხელისუფლება, რომელიც ყიდდა ქვეყანას“, - წერს ვახო სანაია.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა