თეგებით ძიება
03. 04. 2023 ბიზნესი

ქვეყნები, სადაც საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან

მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანა თუ მოიწონებს თავს გამართული საფინანსო სისტემით, რომელთა მცხოვრებლებიც საშემოსავლო გადასახადისგან სრულად თავისუფლები არიან და შესაბამისად, ბიზნესის დაწყებაც აქ ბევრად მარტივია.

ასეთია, მაგალითად, ბაჰრეინი. ბრიტანეთის ყოფილი პროტექტორატი არქიპელაგი გამოირჩევა მრავალფეროვანი ეკონომიკით. ის ერთ-ერთი პირველია სპარსეთის ყურეში, რომელმაც ნავთობი საკუთარ მიწაზე აღმოაჩინა და ამ აღმოჩენამ შესაძლებლობა მისცა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა გამხდარიყო, ასევე იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოებში მოხვედრილიყო, რომლებსაც საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ აქვთ. სწორედ ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკაა იმის მიზეზი, რომ ბაჰრეინი როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები ბიზნესმენებისთვის მუდმივად მიმზიდველია, თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბაჰრეინში მუდმივი ცხოვრების უფლების მისაღებად საჭიროა პენსიაზე გასვლა, 135,000 დოლარის ინვესტიცია ქონებაში ან 270,000 დოლარის ინვესტიცია ბაჰრეინულ კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინში მუდმივი ბინადრობის მიღება შესაძლებელია, მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ასე არაა. ამისთვის, თქვენ უნდა იცხოვროთ ქვეყანაში უწყვეტად 25 წელი და ასევე, კარგად ფლობდეთ არაბულ ენას.

რაც შეეხება ბაჰამის კუნძულებს, აქ საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებით სარგებლობა დამოკიდებულია რეზიდენტობაზე და არა რეალურად მოქალაქეობის მიღებაზე, რაც კიდევ უფრო ამარტივებს, აქ ცხოვრებისა და ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ის მუდმივად იზიდავს, მილიონერებსა თუ მილიარდერებს, რომლებიც კომპანიებს ბაჰამის კუნძულებზე არეგისტრირებენ და თავიანთი კაპიტალი სწორედ აქ გადააქვთ. მუდმივი ბინადრობის მისაღებად აქ მინიმუმ 90 დღეა საჭირო. განსაკუთრებით სწრაფად კი, ის ადამიანები იღებენ ბინადრობის უფლებას, რომლებიც იქ საცხოვრებელს ყიდულობენ. გარდა ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკისა, ბაჰამის კუნძულები ნაკლებად ძვირია საცხოვრებლად, რაც დამატებით უპირატესობას ანიჭებს. ქვეყანას ასევე კარგი ინფრასტრუქტურა და მომსახურების სერვისები აქვს. ერთადერთი სფერო, სადაც მომსახურების ხარისხი დაბალია, მედიცინაა. ამიტომ ემიგრანტები მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდიან.

ბაჰამის კუნძულების მსგავსად, კაიმანის კუნძულების ულამაზესი პლაჟები იზიდავს საკმარის ტურისტებს იმისთვის, რომ მთავრობამ ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკა შეინარჩუნოს. თუმცა, თუ გსურთ იქ გრძელვადიანად ცხოვრება, თანხის ინვესტირებისთვის უნდა მოემზადოთ. მოგიწევთ წელიწადში 145,000 დოლარის გამომუშავება და მინიმუმ 600,000 დოლარის ინვესტიცია უძრავ ქონებაში ან ადგილობრივ კომპანიებში. როდესაც ამ ყველაფერს გააკეთებთ, კიდევ 8 წელია საჭირო, რომ კაიმანის კუნძულებზე მუდმივი ბინადრობის უფლება მიიღოთ. სწორედ ამიტომ, კაიმანი ძირითადად ისეთ მაღალშემოსავლიან ადამიანებს იზიდავს, რომლებსაც შეუძლიათ მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ მუდმივი რეზიდენტობისთვის და სამაგიეროდ, მთელი ცხოვრება საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლები იყვნენ.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკაა, ვაჭრობისადმი ღიაობისა და ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკის გამო. ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ცხოვრებისა და ასევე საქმიანობის დაწყება ძალიან მარტივია, სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში ის მილიონერების ერთგვარ მაგნიტადაც იქცა. მხოლოდ 2022 წელს საამიროებმა 4000-ზე მეტი მილიონერი მიიზიდა და როგორც ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, უმდიდრესი ადამიანების რაოდენობა არაბულ სამყაროში მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, საამიროები მსოფლიოში მოწინავე ადგილს უსაფრთხოებისა და ტოლერანტულობის თვალსაზრისითაც იკავებს, რომელიც ყველა ეროვნების ადამიანის თანაბარ შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებული საამიროების სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ამიტომ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა გამოიყოფა როგორც სამუშაო ადგილების შექმნის, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.

რაც შეეხება ევროპას. ნულოვანი საგადასახადო სისტემა მონაკოში მოქმედებს. სადაც მოქალაქეები საერთოდ არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, ხოლო ბიზნესისთვის გადასახადი მინიმალურია, რის გამოც ქვეყანას მეორენაირად საგადასახადო თავშესაფრადაც მოიხსენიებენ. გარდა ამისა, მონაკო დიდი ხანია, რაც საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილის ტიტულს არ თმობს და ბოლო პერიოდის განმავლობაში მდიდარ ადამიანთა ერთგვარ რეკრეაციულ ცენტრადაც იქცა. გარდა საგადასახადო პოლიტიკისა, ქვეყნის მიმზიდველობას ძლიერი ეკონომიკა, გამართული პოლიტიკური სისტემა და დანაშაულის დაბალი დონე განაპირობებს. თუმცა, სანამ მონაკოში ბიზნესის დაწყებას ან იქ აქტივების გადატანას დაიწყებთ, იცოდეთ, რომ საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალ ფინანსურ გარემოზე წვდომა იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. მართალია, იქ ლეგალური ბინადრობის ნებართვის მიღება სამ თვეზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის მონაკოს ბანკში მინიმუმ 500,000 ევროს დეპოზიტის გახსნაა საჭირო.

კიდევ ერთი ასეთი ქვეყანაა ანდორაც. სამხრეთ ევროპაში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მდებარე ეს ჯუჯა სახელმწიფო მრავალი წლის განმავლობაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და ინვესტორებისთვის მუდმივად მიმზიდველი რჩება. მონაკოს მსგავსად, ანდორაც დიდი ხნის განმავლობაში საგადასახადო თავშესაფრის ტიტულს ატარებდა, რომლის მოქალაქეებიც არანაირ საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდნენ. მართალია, 2015 წელს ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკა შეიცვალა და ყველა ის პირი, ვინც ყოველწლიურად 40,000 ევროზე მეტს გამოიმუშავებს, 10%-ით იბეგრება, თუმცა, უამრავ სხვა, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ეს მნიშვნელოვნად დაბალია, რაც მის კვლავ მიმზიდველობას განაპირობებს. კონკურენტუნარიანობის ზრდას მაღალგანვითარებული ოფშორული საბანკო ინდუსტრიაც ხელს უწყობს.

წყარო - BM.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა