სიკვდილი შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დადგეს - გიული ალასანია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაიცვალოს.
მისივე თქმით, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი სულ 9 -ჯერ მოინახულეს და ისინი საკმარისად კარგად იცნობენ პაციენტს და მისი მდგომარეობა იციან.
„გუშინ ყველა არხს ვუსმენდი, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რომ საგანგაშო და კრიტიკული მდგომარეობაა, სიკვდილი შეიძლება ნებისმიერ მომენტში დადგეს, ის თქვეს, რასაც მე ყოველდღე თქვენ გიყვებით, ზუსტად ეს დაინახეს ამ ექიმებმა. მათ კლინიკა „ვივამედში“ სულ 9 ვიზიტი ჰქონდათ. ისინი საკმარისად კარგად იცნობენ პაციენტს, მისი მდგომარეობა იციან. ასევე, ის დოკუმენტები აქვთ, რომელსაც კლინიკა მათ აწვდის.
მათგან ხშირად ისმოდა, რომ აუცილებელია მისი უცხოეთში გადაყვანა. ზურაბ ჩხაიძისგან მომისმენია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაგან მისი გადაყვანაა საჭირო“, - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.