თემქაზე ვცხოვრობდი. ახლა საცხოვრებელი არ მაქვს - რა თქვა სასამართლოზე კაცმა, რომელსაც "ამბასადორის" გადაწვას ედავებიან?
სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ახალგაზრდა კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახლა საცხოვრებელი არ აქვს.
„განათლება არაფერი… სტანდარტული, 12 კლასი დავამთავრე. თემქაზე ვცხოვრობდი. ახლა საცხოვრებელი არ მაქვს“.
როგორც პროკურორმა ალინა კუკავამ განაცხადა, ბრალდებული ხანდახან აგრესიულად გამოიყურება. პროკურორის თქმითვე, თავად ბრალდებულის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა.
„მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო“, – თქვა ალინა კუკავამ.
ბრალდებულის უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამის სტაციონარში უნდა მოთავსდეს.
ცნობისთვის, ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში“ 31 მარტს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საკუთარ ნომერში ახალგაზრდა კაცმა გააჩინა. დაკავებუი 1995 წელს დაბადებული ა.ლ.-ა.