შემსრულებელია, უნდა გაირკვეს ორგანიზატორებიც - რას ამბობს კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე?
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის ქმედება შეაფასა და მას კანონსაწინააღმდეგო და მიუღებელი უწოდა.
„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. ამრიგად, თუ რომელიმე ადამიანი ან პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან.
რაც შეეხება აღნიშნული პიროვნების დაკავებას, მას ბრალად ედება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციის მიმართულებით, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ასევე უნდა გაირკვეს ორგანიზატორები, თუ ვინ გაუწია ორგანიზება ამ ყველაფერს. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი. მან შეასრულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.