გრიგორიადისს უთხრეს, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მის მეგობარს დააკავებდნენ - რას ამბობს ადვოკატი?
მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, სამართალდამცველები მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების დროს აღიარებითი ჩვენების არმიცემის შემთხვევაში მეგობრის დაკავებით დაემუქრნენ.
„ვესაუბრეთ ლაზარეს და მან თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოგვიყვა. მისი სურვილია, რომ გავაჟღერო ყოველივე. ადვოკატის ნაწილში ცალსახად მისი უფლებები დაირღვა. მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, მას კი ადვოკატი არ მიუყვანეს. დაკავებისას მას მიაწოდეს მისი ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის. მან, როცა მისი ტელეფონის კოდი აკრიფა, ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს და ადვოკატთან არ დაარეკინეს.
მისი თქმით, სავარაუდოდ მასთან ვინმე დეპარტამენტის უფროსი შევიდა, რომლის სახელი და გვარი არ იცის, უფროსს ჰგავდაო. ის შევიდა მასთან და უთხრა, რომ ადვოკატს არ მოგიყვანთო. ამავე დროს, თუ ის ჩვენებას არ მისცემდა, ეს უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, ამ შემთხვევაში მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ.
ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო. აქციაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ უარყოფს. პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებას რა იყო რეალურადო“, - განაცხადა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.