თეგებით ძიება

"ჩემი მხარდაჭერა ლაზარეს!“ - ნიკა გვარამია მიმართვას ავრცელებს

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს და ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩემი მხარდაჭერა ლაზარეს!

ეს ბიჭი ხელისუფლებამ მტრად "დანიშნა" სამარცხვინო და დანაშაულებრივი ინსტიტუციებით და დისკრედიტაციის კამპანიით. "ოცნებამ" საკუთარი გზავნილები შეაზავა ყველა მდაბიო ქსენოფობიური სტერეოტიპით და მიმართა საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობებისკენ. ამ გზავნილების შინაარსია: "აი, ასეთია ჩვენი ახალგაზრდობა, ეს არის დასავლეთის გარყვნილი ზეგავლენა". ეს გზავნილები არის მცდელობა (დარწმუნებული ვარ, წარუმატებელი) დააპირისპირონ თაობები, დაგვაშორონ დასავლეთს, გაგვტეხონ იმედგაცრუებით.

მინდა მივმართო ჩემზე უფროს თაობებს. მამაჩემი ალბათ, იტყოდა - "ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ რად უნდოდა, კაცო ეს, რა დაუხატავს სახეზე". დედა, ალბათ, იტყოდა - "რა ჭკვიანი თვალები აქვს, какая очеравательная улыбка, მარა ეს თმები რაა ვითომ ახლა, უხდება?" კი, ალბათ, ასე იტყოდნენ და ამაში მხოლოდ ესთეტიურ შინაარსს ჩადებდნენ და არაფერს სხვას, სრულიად არაფერს. და ყოველგვარი "ალბათ"-ის გარეშე ფეხმოუცვლელად დადგებოდენ ყველგან, სადაც ლაზარეს თავისუფლებას მოითხოვდა ხალხი.

ლაზარე პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაშია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა მან. სწორედ ამგვარია საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც დანაშაულის ნიშნების არსებობა არ აუქმებს პატიმრობის პოლიტიკურ შინაარსს და შერჩევითობას. შესაბამისად, მის უკანონობას.

მინდა მივმართო ჩემს თაობას: ხელისუფლება ახლა ამზადებს მეორე და მისთვის სტრატეგიულ გზავნილს - აღიარებინოს ლაზარეს არსებულიც და არარსებულიც და ანახოს მის თაობებს გატეხილი და დამარცხებული არა მხოლოდ ლაზარე, არამედ მისი სიმბოლოდ ქცევით, გატეხილი და დამარცხებული მთელი თაობები, თავისუფალ საქართველოში დაბადებული თავისუფალი თაობები. მთავარი ამოცანა სწორედ ესაა და ამის არდაშვება ახლა ჩვენ ძალგვიძს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 21 წლის ბიჭზე ზეწოლა არ დავუშვათ. არ დავუშვათ მის ოჯახსა და მეგობრებზე ზეწოლა. არ დავუშვათ მთელ საზოგადოებაზე ზეწოლა.

თავისუფლების თაობებს, ჩემი შვილების ტოლებს, მინდა ვთხოვო: იბრძოლეთ ლაზარესთვის ისეთივე ვნებითა და შემართებით, როგორც ის იბრძოლებდა მის ადგილას ახლა ნებისმიერი თქვენგანი რომ ყოფილიყო. იბრძოლეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რაც არ უნდა თქვან რუსული ხელისუფლების მოლაპარაკე თავებმა, დანაშაულის შეკერვაში დახელოვნებულმა პროკურორებმა და უსინდისო და უგულო მოსამართლეებმა. 

გააგებინეთ და დაარწმუნეთ თქვენი მეგობრები, მშობლები, ბებიები და ბაბუები. იბრძოლეთ გარეთ, მაგრამ იბრძოლეთ საკუთარ, მეზობლებისა და მეგობრების სახლებსა თუ ეზოებში. იბრძოლეთ ფართიზე და კლუბებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. არა მარტო გამბედაობით, ენერგიით და ემოციით, არამედ ჭკუით, დარწმუნების ძალით და დაუზარლობით. არ გაამარჯვებინოთ არც პროკურორების და მოსამართლეების უსამართლობას და არც რუსული ოცნების პოლიტიკოსების და მედიების ბინძურ პროპაგანდას!

თავისუფლება ლაზარეს!

თავისუფლება ჩვენს სამშობლოს!

ნიკა #212, - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ  საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა