შესაძლოა, იკვეთებოდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები - საია ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შესაძლოა, ირღვეოდეს 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის უფლებები.
ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის ფარგლებში.
"სასამართლომ საჯაროდ არ დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 29 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი. 30 მარტს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე მას ბრალი წარუდგინა. 31 მარტს სასამართლომ ლაზარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ისე, რომ ბრალდებულის და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სხდომაზე არც კი განუმარტავს პატიმრობის გამოყენების საფუძვლები.