თეგებით ძიება

ობლობაში გავიზარდე, თითქოს ეს არ მეყოფოდა, ქმარმა საყვარელთან ერთად გადაღებული ფოტოები მაჩვენა - რას ყვება ახალგაზრდა ქალი?

24 წლის ქალი, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, აცხადებს, რომ ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა და საბოლოოდ, ქმარმაც იმედები გაუცრუა.

ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ამბობს, რომ საყვარელმა მამაკაცმა საშინელი ფაქტის წინაშე დააყენა - უთხრა, რომ სხვა უყვარს. ეს ამბავი ლიზისთვის წარმოუდგენლად მტკივნეული აღმოჩნდა, რასაც არა ერთი სერიოზული პრობლემა მოჰყვა, თუმცა 5 წელზე მეტი გავიდა და ახლა უკვე ამბობს, რომ ქმართან განშორებას შეეგუა. ორი შვილის რჩენაში მას მამიდა და ახლობლები ეხმარებიან.

ლიზი:

- ობლობაში გავიზარდე, პატარა ვიყავი ჩემი მშობლები ავტოავარიით რომ დაიღუპნენ. მე და ჩემი და მამიდამ გაგვზარდა. ბებო საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ და იქიდან გვიგზავნიდა ფულსა და ტანსაცმელს. ცდილობდნენ, ჩვენთვის არაფერი მოეკლოთ. მამიდა გათხოვილი არ არის და, ფაქტობრივად, შვილებივით ვყავართ.

17 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. მე და გიას ერთმანეთი სკოლის ასაკიდან გვიყვარდა და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასე თუ გამამწარებდა და გამაუბედურებდა. იმდენი ტკივილი მომაყენა ამ დროის განმავლობაში, რომ დღეს მისი დანახვაც აღარ შემიძლია. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, მაგრამ ფაქტია, მოსიყვარულე ქმარი უცებ რადიკალურად შეიცვალა, სამსახურიდან სახლში მთვრალი მოდიოდა, ხან მოსაწევით იყო გაბრუებული. ამის გამო ვსაყვედურობდი, ის კი მპასუხობდა, ეს ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა იმას გავაკეთებო.

თბილისში, ნაქირავებში ვიყავით. ხშირად ბინის ქირასაც არ იხდიდა და ამის გამოც ბევრჯერ მინერვიულია. ვხედავდი, ჩემთვის ტკივილის მოყენება უნდოდა. რამდენჯერმე რომ შევეპასუხე, ხელითაც შემეხო და მცემა...

ბოლოს ძალა მოვიკრიფე და გადავწყვიტე, მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმექცია. ამან უფრო გააღიზიანა და მთვრალი რომ მოვიდოდა, ისევ მირტყამდა.

გეფიცებით, ყველანაირად ვეცადე მასთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ვერ შევძელი, არაფერი გამომივიდა. არადა, ძალიან მზრუნველი იყო და უცებ ასეთი აგრესიული და აუტანელი გახდა. მივხვდი, ჩხუბს აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ გადავწყვიტე მასთან არ მეკამათა, მის მშობლებს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი.

მამამისი ძალიან კარგი ადამიანია, მეორე დღესვე ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ ვერაფერს გახდა, ამხელა კაცი ერთხელ სასტიკადაც კი სცემა, რის შემდეგაც ის საერთოდ წავიდა სახლიდან. იშვიათად მოდიოდა სახლში, არც ბინის ქირას იხდიდა და როცა მოვიდოდა, მაშინაც ცდილობდა, ჩემთვის ნერვები მოეშალა. ვეღარ ვცნობდი, ძალიან აგრესიული იყო.

ერთ დღეს, საყვარელთან ერთად გადაღებული ფოტოები მაჩვენა ტელეფონში, მითხრა, რომ სხვა უყვარდა და მასთან ბედნიერი იყო...

ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სრული შოკი იყო, იმ დღეს ბინაში დარჩენის საშუალება არ მივეცი. ისევ დავრეკე მის მშობლებთან და მეორე დილით, ადრე, ჩამოვიდნენ ისინი. მათ არც დაელაპარაკა, ტელეფონიც გათიშა. ჩემი მამამთილი თითქმის ორი თვე ჩვენთან ცხოვრობდა, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. ცდილობდა, მოეძებნა და დალაპარაკებოდა, მაგრამ ყველგან ემალებოდა.

მეც ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, სულ ვტიროდი, ბავშვების მოვლის თავიც აღარ მქონდა.

იმ ზაფხულს ჩემმა მამამთილმა სოფელში წაგვიყვანა და იქ ვიყავით, ბავშვების მოვლაში ხელს მიწყობდნენ. არც მაშინ გამოჩენილა. მერე ისევ წამოვედით მე და ბავშვები თბილისში. ეს ამბავი მამიდისთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის არ მითქვამს. კიდევ მქონდა იმედი, რომ გონს მოეგებოდა... ახლა რომ ვფიქრობ, უფრო ვბრაზდები ჩემს თავზე.

როგორ შევძლებდი ისედაც მისთვის ამის პატიებას. მეძავში გაგვცვალა მე და ჩემი შვილები. ვეჭვობ, წამალზეც ზის და ის ქალი წამლით ამარაგებს. ვიცი, ადრე ასეთი საქმის გამო ის ქალი დაჭერილიც იყო.

- თქვენს მამიდას ან დას რატომ არ უამბეთ ეს ამბავი?

- მამიდა შემეცოდა და ამ ნერვიულობისთვის ვერ გავიმეტე. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და არ მინდოდა, ენერვიულა. ჩემს დასაც ვერ ვუთხარი, რადგან ის რუსეთში ცხოვრობს, შვილი პატარა ჰყავდა და ვიცოდი, ჩამოსვლას ვერ შეძლებდა. არ მინდოდა, მისთვის სადარდებელი გამეჩინა. ამიტომ, დიდხანს ვმალავდი.

მერე ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და კლინიკიდან რომ გამომწერეს, მამიდამ მაშინვე თავის სახლში წამიყვანა ჩემს შვილებთან ერთად და დღეს ის მეხმარება მათ გაზრდაში. ჩემი დედამთილი და მამამთილი მეხვეწებოდნენ, მათთან სოფელში წავსულიყავი და იქ მეცხოვრა, აქ არც შემოვუშვებთ საერთოდო, მაგრამ ჩემს ქმარს არ ვუყვარდი და იქ რა გამაჩერებდა? ბევრმა ისიც მითხრა, შეიძლება შენს ქმარს ჯადო აქვს გაკეთებულიო, ამიტომ ტაძარში სიარულიც დავიწყე და მისი სულისთვის ვლოცულობდი. საოცარია, მაგრამ ფაქტია, ტაძრიდან რომ დავბრუნდებოდი, ზუსტად იმ დროს სახლში გაღიზიანებული მოვიდოდა და მლანძღავდა, იმის მიუხედავად, რომ ამხელა ტკივილი მომაყენა.

- ოფიციალურად გაშორებულები ხართ?

- კი, გაყრაზე განცხადება სასამართლოში თვითონ შეიტანა. მოსამართლემ ჯერ შესარიგებლად დრო მოგვცა, ვუხსნიდი, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება წარმოუდგენელი იყო და მასთან ვერ ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ მაინც რამდენიმე თვით გადადო პროცესი.

საბოლოოდ, განვქორწინდით.

შვილების დანახვა აღარ უნდა და ეს რას მივაწერო, არ ვიცი. სასამართლომ ალიმენტი დააკისრა და არც იმ თანხას იხდის. იმ ქალზე დაქორწინებას აპირებდა და ამიტომ უნდოდა სასწრაფოდ განქორწინებაც. მეც მირჩევნია, ჩემი შვილები სიმშვიდეში გავზარდო, ვიდრე გაუთავებლად უყურონ პატარებმა, როგორ სცემს დედას მამა. ჩემს გოგონას მისი მოსვლის ეშინოდა. როგორც კი დაინახავდა ბავშვი მამას, ტირილს იწყებდა და მეტყოდა, ახლა მამა შენ გცემსო. მეხუტებოდა და არ მშორდებოდა.

ასე ცხოვრება შეუძლებელი იყო.

არადა, როგორ მინდოდა, ბედნიერად გვეცხოვრა, ჩემს შვილებს მშობლების სითბო ეგრძნოთ. ყველაზე კარგად ვიცი, როგორია ობლობაში ყოფნა, რამხელა ტკივილი ახლავს ამას. მამიდა არაფერს გვაკლებდა, მაგრამ მახსოვს, როგორ ვტიროდი, როცა ჩემს მეგობრებს მშობლები აკითხავდნენ, მე კი დედა და მამა არ მყავდა.

ჩემმა ყოფილმა ქმარმა სხვა გზა არ დამიტოვა...

ბედს დავემორჩილე, ჩემს შვილებს არაფერს მოვაკლებ.

- მის მშობლებთან გაქვთ ურთიერთობა?

- დიახ. ისინი სოფელში ცხოვრობენ და ამ ამბავს ძალიან განიცდიან. ეკონომიკურად ჩემი დახმარება არ შეუძლიათ, მაგრამ სოფლის პროდუქტებით გვეხმარებიან. ამბობენ, რომ ახალ რძალს სახლში არ მიიღებენ. ისინიც იბრძოდნენ, რომ ის ქალი ჩამოეშორებინათ მისთვის, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ჩემი და და სიძეც მეხმარებიან ეკონომიკურად, იქიდან ბებოც მიგზავნის ფულს. ცალკე ბინაც გვიყიდეს მე და ჩემს შვილებს, რომ არ მენერვიულა, მამიდაც ჩვენთან გადმოვიდა და ის მაქსიმალურად მეხმარება. მეც დავიწყე მუშაობა და ახლა აღარ ვნერვიულობ.

მეუბნებიან, ის ქალი მას მიატოვებს და მერე ისევ შენ დაგიბრუნდებაო, მაგრამ ეს გამორიცხულია, ჩვენ ერთად ვეღარასოდეს ვიქნებით. არ მჭირდება ის კაცი, რომელმაც ამხელა ტკივილი მომაყენა და იმედები გამიცრუა. სკოლიდან გვიყვარდა ერთმანეთი და იმაზეც ბევრჯერ მიფიქრია, სად დავუშვი შეცდომა, მაგრამ ახსნა ვერ ვიპოვე. მას ჩემგან ზრუნვა და ყურადღება არ აკლდა.

ჩემს შვილებთან ერთად, ტაძარში დავდივარ და უფრო მშვიდად ვარ. უფლის წყალობით და ჩემი დიდი ოჯახის გვერდში დგომით ამ პრობლემებს მოვერიე. ეს არ იყო ადვილი. ისეთ დეპრესიაში ვიყავი, მამიდას სახლში მოჰყავდა ფსიქოლოგი, წამლებსაც ვსვამდი და მადლობა უფალს, რომ ყველა პრობლემის გადაჭრაში დამეხმარა.

ქალებს ვეტყვი, რომ არ დარჩნენ მოძალადე ქმრებთან! როცა ასე დაიძაბება ურთიერთობა, ჯობია, გაშორდნენ, ასე საკუთარ ნერვებსაც გაუფრთხილდებიან და შვილებსაც არ გაუფუჭდებათ ნერვები.

მთავარია, ახლა ჩემი შვილები კარგად და ჩემ გვერდით არიან, მათ არასოდეს არაფერს მოვაკლებ.

წაყრო: kvirispalitra.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა