თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება - სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა ცნობილია

სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე , მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია, - სახალხო დამცველის კონსილიუმი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.

„2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით.

სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში. 2 აპრილს ექიმებმა გასინჯეს პაციენტი. არასამუშაო დღეს განხორციელებული ვიზიტის გამო, სამწუხაროდ, მკურნალ ექიმთან გასაუბრება, ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოხერხდა. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი), გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი) და აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა).

ექიმ-ექსპერტების დასკვნა: პაციენტის მდგომარეობა: დამძიმება 19 თებერვლის (პაციენტთან წინა ვიზიტის) შემდეგ.

ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია. პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა.

აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია. შთაბეჭდილება: 1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მე-4 სტადია.

პროგნოზი და რისკები: 1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი კაჭარავა, გიორგი პაპიაშვილი, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი“, - აღნიშნულია დასკვნაში.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა