თეგებით ძიება
04. 04. 2023 მსოფლიო

ცაში ორი მზე ანათებს და ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს - აღმოჩენილია ყველაზე უცნაური პლანეტა

დიდი დაკვირვების შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომლის ცაში ორი მზე ანათებს და ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს.

ჩვენგან 70 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთი პლანეტა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია აქამდე აღმოჩენილთა შორის.

მისი მასა იუპიტერისას 20-ჯერ აჭარბებს და აქვს ისეთი ტემპერატურა, რომელიც სწრაფად გაადნობს ალუმინს; გარს უვლის არა ერთ, არამედ ორ ვარსკვლავს და ამ საქმეს 10 000 წელიწადს ანდომებს. და კიდევ, მასზე გამუდმებით მძვინვარებს ქვიშის სასტიკი ქარიშხალი.

პლანეტური მასის ამ ობიექტს, სახელად VHS 1256 b-ს, ასტრონომები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ მის ატმოსფეროში სილიკატური მარცვლების ღრუბლები ცირკულირებს.

ამას გარდა, VHS 1256 b-ის ატმოსფეროში მკვლევრებმა კიდევ მრავალი სხვა კომპონენტი გამოავლინეს. მათ შორის არის მეთანი, ნახშრიჟანგი, წყალი და ნახშირორჟანგი.

„ერთ სამიზნეზე ერთდროულად ამდენი სხვადასხვა მახასიათებელი ჯერ არცერთ სხვა ტელესკოპს არ დაუფიქსირებია. ჯეიმს ვების მიერ აღებულ ერთ სპექტრში მრავალ მოლეკულას ვხედავთ, რომლებიც დეტალურ ცნობებს გვაწვდიან პლანეტის დინამიკური ღრუბლებისა და ამინდის სისტემების შესახებ“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი პოლ მოლიერი.

VHS 1256 b გარკვეულწილად იდუმალია. მისი მასა გიგანტური პლანეტებისა და ყავისფერი ჯუჯების ზღვარზეა; ყავისფერ ჯუჯებს არშემდგარ ვარსკვლავებს უწოდებენ, რომლებსაც წყალბადის სინთეზის დასაწყებად საკმარისი მასა არ აქვთ და მის ნაცვლად, ბირთვში ასინთეზირებენ წყალბადის უფრო მძიმე იზოტოპს, დეიტერიუმს, რომლის სინთეზს უფრო ნაკლები ტემპერატურა და წნევა სჭირდება, ვიდრე წყალბადისას.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა