"ბოლოს ემზარ ჯგერენაიას დაიჭერს იმისთვის, რომ 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა" - რას წერს ნიკა გვარამია?
"მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მარტში გამართული აქციების მონაწილის, პატიმრობაში მყოფ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ წერს.
მისი თქმით, ლაზარეს პატიმრობა უსამართლობაა.
ისე მიდის ყველაფერი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ბოლოს ემზარ ჯგერენაიას დაიჭერს იმისთვის, რომ 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა.
ყველას შევახსენებ, რომ როცა თავისუფლებას გართმევენ, როცა სამშობლოს მომავალს ართმევენ, როცა საკაცობრიო ბოროტების მხარეს მიგათრევენ, მაშინ ბრძოლა მოვალეობად იქცევა. ეს ბუნებითი სამართლის კანონია, იმ სამართლის, რომელიც ყველა დაწერილ ნორმამდე არსებობდა და რომელიც ყველა დაწერილ ნორმაზე მაღლა დგას. ასევე, იმასაც შეგახსენებთ, რომ თამაშის წესები თუ მხოლოდ ჩვენთვის იწერება და პატარა ჯგუფზე ის სრულად არ ვრცელდება, ეს არაა სამართლის უზენაესობა და მართლწესრიგი, ეს - მონობაა, რისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლებას “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია" გვანიჭებს.
თავისუფლება ლაზარეს!
თავისუფლება ჩვენს სამშობლოს!", - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.