"გარდაიცვალა დიდი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი..." - ნიკოლოზ რაჭველი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მუსიკოსი, ლევ მარკიზი გარდაიცვალა.
"93 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი ლევ მარკიზი. მან თავისი ცხოვრების საკმაოდ სოლიდური ნაწილი საქართველოში საორკესტრო ხელოვნების განვითარებას დაუთმო და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. ჩემთვის კი ლევ მარკიზი აგრეთვე იყო ჩვენი ორკესტრის გულშემატკივარი, გია ყანჩელის უძვირფასესი მეგობარი და ჩემი საყვარელი კოლეგის ბენჟამენ გილმორის ბაბუა. უამრავმა მრავალფეროვანმა მოგონებამ გაირბინა ახლა ჩემს გონებაში…
ლევ მარკიზი ბოლო წლებში FB-ის აქტიური მომხმარებელი იყო და სოციალური ქსელის საშუალებით თავის მსმენელთან ურთიერთობას შინიდან აგრძელებდა. უკვე ძალზედ ავად მყოფი ერთერთი ბოლო სტატუსით ბელგიიდან (მარტის მოვლენების დროს) კვლავ ჩვენ გამოგვეხმაურა და გვერდით დაგვიდგა.
ამისთვისაც და მისი განუზომელი ამაგისთვის დიდი მადლობა მაესტროს! მშვიდად განისვენოს და მარადიული ხსოვნა იყოს მისი სულისა",- წერს ნიკოლოზ რაჭველი.