A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლის გადაკვეთა გარკვეულ ქუჩებსა და გამზირებზეა ნებადართული
ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული რეგულაციების თანახმად, A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლის გადაკვეთის უფლება აქვთ, – ამის შესახებ თბილისის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით – იქ, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი.
„მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გადაადგილება და მოძრაობა დასაშვებია წყვეტილი ხაზიდან მომდევნო წყვეტილ ხაზამდე. გზის გაგრძელების შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება. რაც შეეხება უწყვეტ ხაზს, მისი გადაკვეთა აკრძალულია.
ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგ გამზირებსა და ქუჩებზე: მოსკოვის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; რუსთაველის გამზირი; პეტრე მელიქიშვილის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; თამარ მეფის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; სანდრო ეულის ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.