ფონიჭალაში, მამა-შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 24 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებულმა ვალის გადახდასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ჭრილობები მიაყენა მამა-შვილს.
„დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ორივე დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, 2019 წლის 24 ივლისს მოქმედი რედაქცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17-წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.