სასამართლომ საგუშაგოზე მყოფ სამართალდამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, შსს-ს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთაგან ორ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
ცნობისთვის, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში არსებულ საგუშაგოზე დისლოცირებულმა სამართალდამცავებმა, ავტომობილით მოძრავ მოქალაქეს ანიშნეს, რომ სატრანსპორტო საშუალება გაეჩერებინა. პირის მხრიდან დაუმორჩილებლობას უთანხმოება მოჰყვა. დაპირისპირებაში თანასოფლელებიც ჩაერთნენ, რაც საბოლოო ჯამში, შსს-ს თანამშრომლებსა და სოფლის მცხოვრებთა ერთ ნაწილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.