მე რატომ არ ვარ სანქცირებული? - მოსამართლე გვრიტიშვილი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების გამო, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.
მისივე თქმით, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება საფრთხეშია.
"მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია პირველ რიგში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე, ბატონ პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს შეხვედრა ჩვენთან, მოსამართლეებთან. ჩვენ მას დეტალურად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვაქვს, აი, იმ კულუარულ ზეწოლებზე, რაზეც ლევანი [მურუსიძე]საუბრობდა, რაზეც მე ვლაპარაკობ. სრულყოფილ ინფორმაციას მხოლოდ მას მივაწვდი. დაველოდები შემდგომ რა იქნება საქართველოს მთავრობის რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებსაც", - თქვა გვრიტიშვილმა იუსტიციის საბჭოს სხდომაზე.
დიმიტრი გვრიტიშვილი კითხვას სვამს, რატომ დასანქცირდა მურუსიძე?
"რა გააკეთა ამ კაცმა განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთე, რასაც ბადრი აკეთებს? რატომ იმსახურებდა ამას, მაგას ვერავინ იტყვის. მე რატომ არ ვარ ვთქვათ სანქცირებული ან მიხეილ ჩინჩალაძე რატომაა სანქცირებული?", - ამბობს მოსამართლე.
ცნობისთვის, დასანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ დღეს განაცხადა, რომ საელჩოს ჰქონდა ყოველთვის მცდელობა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა. მისივე თქმით, პირადად მასთან მიდიოდნენ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები და კონკრეტულ დირექტივებს აძლევდნენ.