ვხედავთ, რომ ამერიკელები მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე - "ხალხის ძალა"
ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, მათ უკვე ჰყავთ რეკრუტირებული ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„ქალბატონმა ელჩმა საერთოდ ვერ დააკონკრეტა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასანქცირდა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლე, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეებს სავიზო სანქციები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაუწესეს;
ელჩისგან გავიგეთ, რომ ის სავიზო სანქციის საფუძველს როგორც სამართლდამცავ სტრუქტურებს, ისე ქართულ საზოგადოებას მომავალშიც საგულდაგულოდ დაუმალავს, რაც ასევე იმის დასტურია, რომ სინამდვილეში დანაშაულის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს;
ქალბატონი ელჩი მთლიანად გაექცა კითხვას 2004-12 წლების სისხლიანი სასამართლო სისტემის ლიდერების, სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირების შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილიც და ადეიშვილიც სინამდვილეში უცხოელი აგენტები არიან და სწორედ ამიტომ სარგებლობენ მფარველობით საკუთარი უცხოელი პატრონების მხრიდან. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ უცხოურ ინსტიტუტებს ან ადგილობრივ ენჯეოებს სააკაშვილ-ადეიშვილის სისხლიანი სასამართლო სისტემა ოდნავ მწვავედაც კი არასოდეს გაუკრიტიკებიათ;
ქალბატონი ელჩი გააღიზიანა კითხვამ „ფრანკლინის კლუბის“ ამერიკელი ტრენერის საქართველოში არშემოშვებასა და მოსამართლეებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას შორის კავშირის არსებობის შესახებ. მისი ასეთი გაღიზიანება გვიმყარებს რწმენას, რომ მოსამართლეების სანქცირება სწორედ „ფრანკლინის კლუბის“ ტრენერის არშემოშვებაზე პასუხი იყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.