„თქვენ გსურთ ტაში, მაგრამ არა - მაგალითის მიცემა“ - ვახო სანაია სალომე ზურაბიშვილს
ჟურნალისტი, ვახო სანაია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
"სალომე ზურაბიშვილი,
მესმის, რომ საკუთარ ადგილს ეძებთ პოლიტიკასა და ისტორიაში; მესმის, რომ, როგორც დიპლომატი, გრძნობთ მსოფლიოში შექმნილ ისტორიულ მომენტს და პირველი რესპუბლიკის ემიგრანტთა შთამომავალს არ გსურთ, მემატიანემ რუსი ოლიგარქის მოკავშირედ მოგიხსენიოთ; მესმის, რომ ეძებთ პირდაპირ და ირიბ შანსებს, უკეთესი გამოჩნდეთ, ვიდრე ივანიშვილის სხვა რჩეულები; მესმის, რომ ებღაუჭებით თარიღებსა და მოვლენებს, როგორმე საკუთარ თავს ლეგიტიმაცია შესძინოთ ... ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ არაფერი გამოგივათ, სანამ ივანიშვილის ნებართვას ელოდებით და პოლიტპატიმრებს ვერ უშვებთ გარეთ.
ოპერის შესანიშნავ დარბაზში გაბედული ქალები სხედან. დღეს 9 აპრილია. მაშინაც ტანკებსა და ორლესურ ნიჩბებს არ შეუშინდნენ და სწორედ ქალები იყვნენ დაღუპულთა უმრავლესობა.
თქვენ გსურთ ტაში, მაგრამ არა - მაგალითის მიცემა. ამ უზარმაზარ ისტორიულ მომენტში ვიღაც რუს ოლიგარქს ვერ უბედავთ და მის მიერ ციხეში უკანონოდ გამოწყვდეულ პატიმრებს ვერ ათავისუფლებთ.
ფუჭია ყველა სიტყვა, ვიდრე არ გადადგამთ იმ ნაბიჯს, რომელსაც ველოდებით!
არავითარი ,,მაგრამ" და ,,თუმცა" - გაჭრილად და ხმამაღლა უნდა ითქვას: თავისუფლება პოლიტპატიმრებს!" - წერს ვახო სანაია.