აშშ-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას მივესალმები - ლევან მურუსიძე
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებით, მიესალმება მოსამართლე, ირაკლი შენგელიას პოზიციას, რომელიც აპირებს, 4 მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
„ირაკლი შენგელიას პოზიციას, აშშ-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, მე მივესალმები. ჩვენთან, მოსამართლეებთან მიმართებით, კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდულია.
ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ს სასამართლოში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ეს სანქციები სასამართლო სისტემის მიმართ თავდასხმაა. ეს არის გზავნილი, რომ თუ ჩვენ, მოსამართლეები არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ამერიკისთვის და მისი საელჩოსთვის იქნება მისაღები, ისინი ჩვენზე ზეწოლას განახორციელებენ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.