აღდგომის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს
აღდგომის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
კერძოდ, აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, დილის 4 საათამდე იმუშავებს. ამ დროში მოქალაქეები უფასოდ იმგზავრებენ.
გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დედაქალაქში დაწესდება ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს უფასოდ მიიყვანენ სასაფლაოებამდე.
„აღდგომის ღამეს მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 4 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტროსადგურები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, 16 17 აპრილს დედაქალაქში დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ვერისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ", - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ავტობუსები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: მარჯანიშვილი, დიდუბე, დელისი, სარაჯიშვილი, ვარკეთილი, ასევე სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან, ვარკეთილის მე-3 მასივიდან, კერძოდ შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.