თეგებით ძიება

გაუგებარია აშშ-ის გადაწყვეტილება - თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გაუგებარია.

ამასთან, მისივე თქმით, გაუგებარია აშშ-ის გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე, ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ.

„მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობითვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით.

ჩვენ ვითხოვთ წესებით თამაშს, განსაკუთრებით, როდესაც მეგობრებს და პარტნიორებს ეხება საქმე. მაგალითისთვის, ვითხოვთ, რომ ევროკავშირი მოგვექცეს სამართლიანად, ვინაიდან უსამართლო იყო ქართველი ერისთვის და არა რომელიმე ხელისუფლებისთვის ის გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელმა მიიღო. მოლდოვა და უკრაინა როდესაც წინ დააყენა და უთხრა, გაიარეთ და საქართველო არ გაატარა იმ გზაზე, რომელზეც საქართველო არის ამ ორ ქვეყანაზე უფრო მეტად წარმატებული. ასევე მე დაუშვებლად მიმაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები. გაუგებარია ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო იმის მომხრე, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, აშშ-მა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა